ზელენსკი – ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში

ვერანაირი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელესნკის განცხადებაა, რომელიც მან უკრაინელების ხსოვნისა და შერიგების დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიმბოლურად ეს ვიდეომიმართვა კიევის ოლქში, ბოროდიანკაში, რუსების მიერ დაბომბილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის წინ ჩაწერა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოროდიანკაში ცხოვრობდნენ ადამიანები , რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ნაციზმის დასრულებისთვის.

„ამ სახლში ადრე იყო კედლები. ამ კედლებზე იყო ფოტოები. ამ ფოტოებზე კი ის ადამიანები იყვნენ გამოსახულნი, რომლებმაც ადრე ომის ჯოჯოხეთი გაიარეს. 250 მებრძოლი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის ველზე, საერთო ჯამში კი ბოროდიანკას მცხოვრები 1000-მდე ადამიანი, მათ თავი გაწირეს იმის გამო, რომ აღარასდროს განმეორებულიყო ისევ იგივე. იბრძოდნენ ბავშვების და იმ ცხოვრების მომავლისთვის,რომელიც აქ 24 თებერვლამდე იყო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მთელი ცივილიზებული სამყარო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმის მსხვერპლებს იხსენებს და ამ დღეს ამბობს „აღარასდროს ისევ“, თუმცა 24 თებერვალს მთელს უკრაინაზე განხორციელებულმა სარაკეტო იერიშებმა სიტყვა „აღარასდროს“ წაშალა და ახლა მხოლოდ „ისევ“ დარჩა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედევად იმისა, რომ ახლა მაისის თვეა, ბევრი უკრაინელისთვის თებერვალი გრძელდება.

„შეიძლება კი შავ-თეთრი გაზაფხული? შეიძლება, სულ იყოს თებერვალი? შეიძლება კი ოქროს სიტყვებმა ფასი დაკარგოს? სამწუხაროდ, უკრაინამ ყველა ამ კითხვაზე პასუხი იცის. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები დადებითია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი: თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რაც უკრაინის მთავრობისგან მოგვადგა
შემდეგი სტატიაიზიუმთან უკრაინელებმა 300 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს