უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ოფიციალური ვიზიტით მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ამერიკული მხარის წარმომადგენლები ჯერ მოსკოვს ეწვევიან, კვირას კი შეხვედრებს კიევში გამართავენ. უკრაინა დიპლომატიურ გუნდთან ერთად აქტიურად ემზადება ამ ვიზიტისთვის.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უზრუნველყოფს აშშ-ის დელეგაციის უსაფრთხო გადაადგილებას და ვიზიტის განმავლობაში იერიშებისგან თავის შეკავების მზაობას გამოთქვამს.
„ზუსტად ისე, როგორც ეს ამერიკული მხარის წინა დიპლომატიური ვიზიტების დროს ხდებოდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას, რათა მომლაპარაკებლებმა უსაფრთხოდ ჩამოსვლა შეძლონ. ჩვენ ვზრუნავთ სწორედ მათზე და არა რუსეთზე. ჩვენი მხრიდან საჰაერო დარტყმები არ იქნება, რუსეთმაც სარკისებურად უნდა უზრუნველყოს სიჩუმე თავისი საჰაერო დარტყმების გარეშე იმ დროის განმავლობაში, რაც საჭიროა ამ მოლაპარაკებების ჩასატარებლად“, — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევის მთავარი მიზანი ამერიკულ მხარესთან მაქსიმალურად კონსტრუქციული და შინაარსიანი მოლაპარაკებების წარმართვაა.
„საჭიროა რეალური ვარიანტების ძიება, თუ როგორ მივიყვანოთ ეს ომი დასრულებამდე. ვნახავთ, რა წინადადებები აქვთ სტივსა და ჯარედს, და რას ეტყვიან მათ ამაზე მოსკოვში“, — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.








