ზაზა შენგელია: აღმაშფოთებელია როცა ჩინოვნიკი თავს უფლებას აძლევს შანტაჟის ენით ელაპარაკოს ნიკა რაჭველს

არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელია როცა ჩინოვნიკი თავს უფლებას აძლევს ასეთი, შანტაჟის და მუქარის ენით ელაპარაკოს საქართველოს ერთერთ ყველაზე უფრო ნიჭიერ, წარმატებულ და მსოფლიოში აღიარებულ ხელოვანს – ნიკა რაჭველს. ნიკას ვიცნობ იმ ასაკიდან, როცა ის 10-12 წლის იყო და პრაქტიკულად მთელი მისი შემოქმედებითი გზა, თავისი აღმასვლებით და დაღმასვლებით, ავსტრიაში სწავლის პერიოდით, სადებიუტო და შემდგომში უკვე დიდი პროექტებით, რომლებითაც ნამდვილად ამაყობს ქართული მუსიკალური კულტურა….მან პრაქტიკულად ნულიდან შექმნა მსოფლიო სტანდარტების დონეზე მომუშავე უნიკალური, შეკრული, ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი, რომელმაც არაერთი საოცარი პროექტი განახორციელა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მუსიკალურ სცენებზე. არცერთ ჩინოვნიკს არ გაუკეთებია იმდენი საქართველოსთვის და მისი კულტურისთვის, რამდენიც ნიკა რაჭველმა…

ამ ადამიანებს არ ესმით, რომ უემოციო სახით და ბარი უაითის ტემბრით ნიკა რაჭველის დატუქსვა და მისი თანამდებობიდან მოხსნის მუქარა, ძალიან ცუდია. ასევე არ ესმით, თუ რატომ დადგა მათთვის დარბაზის ჩამორთმევის საკითხი და რატომ ითხოვს საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი დარბაზის გადაცემას, არ ესმით თუ როგორ ”მოკლეს” საქართველოს მთავარ დარბაზში საკონცერტო ცხოვრება.

მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო ამ სამარცხვინო ”საქმის გაკვაჭვაში” არ მიიღებენ მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ მათი მუშაობა იქნება ბევრად უფრო ღია, გამჭვირვალე, ობიექტური და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა კი ძალიან მაინტერესებს, მონაწილეობენ თუ არა ქონების მართვის სააგენტოს ამ ფრიად გასაიდუმლოებული კომისიის მუშაობაში თავად ხელოვანები და თუ კი, ვინ ? როგორ შეიძლება ქვეყნის მთავარი საკონცერტო სივრცის ბედი წყდებოდეს იმ ადამიანების აზრის გათვალისწინების გარეშე, რომლებსაც მუშაობა უწევდათ, უწევთ და მომავალშიაც მოუწევთ ამ დარბაზში. რომლებმაც ყველაზე კარგად იციან თუ რა ხდებოდა და რა და როგორ უნდა გამოსწორდეს, რომ დარბაზმა შეძლოს სრულფასოვანი დატვირთვით ფუნქციონირება და სისხლსავსე ცხოვრება. მინდა მჯეროდეს, რომ კულუარებში ტრადიციული ქართული ”საქმის გაკვაჭვის” გარეშე მოხდება ეს ყოველივე. ეს ის შემთხვევაა, როცა ”საქმის გაკვაჭვა” სერიოზულად ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს და ეს არაფრით არ უნდა დავუშვათ. საქართველოც და თბილისიც ნამდვილად იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ ნამდვილი ევროპული ფილარმონიული ცხოვრება, რომ ამ ისტორიულ დარბაზში ჩატარდეს უამრავი სანახაობრივი კონცერტი, რომ ის წლის განმავლობაში მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რომ უბრალო ადამინებმა შეძლონ ამ კონცერტებზე დასწრება. მე და ”ბრავო რექორდსს” გვქონდა ბედნიერება ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გაკვეკეთებინა გენიალურ ნიკა რაჭველთან და მისი ბრწყინვალე ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ მას და მის გუნდს შეუძლიათ უმოკლეს ვადებში რადიკალურად სასიკეთოდ შეცვალონ დიდი საკონცერტო დარბაზის სვე-ბედი. მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი და ჩემს გარდა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ბევრი წონიანი და ავტორიტეტული სხვა ადამიანების აზრი გათვალისწინებული იქნება საქართველოს სახელმწიოფოს და მთავრობის ხელმძღვანელობის მიერ-წერს ზაზა შენდეგლია.

banner
წინა სტატიაშიუვიზო მიმოსვლის კამპანიის ფარგლებში წალენჯიხაში შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაავიაკატასტროფაში გადარჩენილი სპორტული ჟურნალისტი ფეხბურთის თამაშის შემდეგ გარდაიცვალა