ზაზა სარალიძის განცხადებებთან დაკავშირებით გენინსპექცია მოკვლევას ახორციელებს – პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვანის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებებთან დაკავშირებით გენერალური ინსპექცია მოკვლევას ახორციელებს. მისივე თქმით, პროკურატურას დაზარალებულთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და ​თვალთვალთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება სარალიძის მიერ დაანონსებულ აქციებს, პროკურორის თქმით, ეს მისი უფლებაა.
„ბატონი ზაზას პოზიცია, თითქოს მას უთვალთვალებენ, არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ინფორმაცია. გენერალური ინსპექციის მიერ შესაბამისი მოქმედებები ტარდება. რაც შეეხება აქციებს, ყველას აქვს გამოხატვის უფლება და ყველას შეუძლია, დააფიქსიროს საკუთარი აზრი. პროკურატურა ემიჯნება პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვაკეთებთ განცხადებებს. რაც შეეხება იმას, თითქოს მირზა სუბელიანს მფარველობს პროკურატურა, ეს არის სიცრუე. დაზარალებულებთან, მათ ადვოკატებთან გვაქვს უშუალო კომუნიკაცია. ანალოგიური ურთიერთობა გვაქვს ზაზა სარალიძესთან და მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ“, – განაცხადა ფხაკაძემ.
თავად ზაზა სარალიძე კი ამბობს, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, პროკურატურიდან არ დაკავშირებიან.

banner
წინა სტატიაშითბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება
შემდეგი სტატია1 ნოემბრიდან რეგისტრაცის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და დაჯარიმდება 200 ლარით