ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა

region
: region თებერვალი 13, 2019 19:09

ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მან განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაქვთ გენერალურ პროკურორთან.

„ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული, რაზეც ფაქტია, პასუხი ვერ მივიღე, იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი ინფორმაცია მიაქვთ ბატონ პროკურორამდე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქმის პროკურორებიც, რომლებსაც გარკვეული კითხვები დავუსვი, თუმცა, სამწუხაროდ, ამაზეც ვერ მივიღე პასუხები. ძალიან ბევრი კითხვა დავსვით, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ, იქიდან გამომდინარე, რომ საქმის ერთ-ერთი პროკურორი თვითონ გაოცდა, ეს ინფორმაცია არ მაქვსო. კონკრეტულად არ ვისაუბრებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, წინა შეხვედრის შემდეგ, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.

„ფაქტია, საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას გამოყვანას ამ საქმიდან. გაგრძელდება ბრძოლა, სანამ ყველა არ იქნება პასუხისგებაში მიცემული, არა მხოლოდ მონაწილე პირები, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც უხეშად ჩაერია ამ საქმეში. დაწყებულია სამსახურებრივ გადაცდომებზე მოკვლევა პროკურორებსა და გამომძიებლებზე და ვნახოთ, რა პასუხებს მივიღებთ უმოკლეს ხანში. რა თქმა უნდა, მთავარ პროკურორს კიდევ შევხვდებით სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ. სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლო მთავარ კითხვას პახუხს ვერ გასცემს, გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეები არ არიან უფლებამოსილნი, ახალი პიროვნება შემოიყვანონ საქმეში. მაგრამ დასკვნას ელოდებიან, მისგან გამომდინარე რომ იმოქმედონ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეხვედრაზე ზაზა სარალიძის ადვოკატებიც იმყოფებოდნენ. ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დარღვევებზე ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროკურატურისგან შემოგვთავაზეს, ჩვენთვის სასურველ ფორმატში მოხდეს საქმის გაცნობა. ვგულისხმობთ გამოყოფილ საქმეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე ჩვენ მივაწოდოთ, როგორ ვუყურებთ ამ საქმეს და რა საგამოძიებო მოქმედებების დამატებით ჩატარებას ვითხოვდით. მივიღეთ ეს შეთავაზება, ორშაბათიდან უკვე შევუდგები ამ ფორმატით საქმის გაცნობას“, – განაცხადა ადვოკატმა.

region
: region თებერვალი 13, 2019 19:09

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


11,283
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics