ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს ხვდება

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ხვდება. შეხვედრას მკვლელობის საქმის პროკურორებიც ესწრებიან. ზაზა სარალიძის განცხადებით, გენერალურ პროკურორთან ამ საქმეზე და მათ შორის სააპელაციო სასამართლოში გუშინ გამართულ სხდომასთან დაკავშირებითაც აქვს კითხვები.

„კითხვებს წინასწარ არ ვიტყვი, რომ არ მოემზადონ საპასუხოდ და აუცილებლად მოვითხოვ პასუხებს. გამოძიებამ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გასცა კითხვებს პასუხი. მიხეილ კალანდიას აფარებენ ხელს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ზაზა სარალიძის წინააღმდეგ წარმოებულ იმ საქმეზეც, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას ეხება და რომლის განხილვაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

პროკურატურასთან ასევე იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და პარტიის სხვა წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი მოსამართლეების არჩევას რეფერენდუმის გზით ითხოვს
შემდეგი სტატიაქვეყანაში წითელას ეპიდემიური აფეთქება ისევ გრძელდება