ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პოლიციამ მმართველ გუნდთან შეხვედრის საშუალება არ მისცა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აქციას მართავენ.

ზაზა სარალიძის თქმით, პოლიციას სთხოვდა, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში შეეშვათ, რათა მმართველი გუნდის წევრებს შეხვედროდა.

„მაცნობეს, რომ კახა კალაძეს გაუკეთებია განცხადება, ნაციონალების მიერ არის მოწყობილი პროვოკაციაო. უნამუსობაა ეს. ამდენი შვილის მამაა, უნამუსოდ რატომ იქცევიან, უნამუსო განაცხადებს რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები. არ მაქვს ჩემი მოკლული შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნის უფლება? რა შუაშია აქ „ნაციონალური მოძრაობა“, რა შუაშია „ლეიბორისტები“ და „გირჩი“. ნებისმიერთან მივალ დახმარების სათხოვნელად. ფაქტია, გზას მიკეტავენ. განმარტებას ვერაფერზე ვიღებ, რა ბრძანება აქვთ, ისიც არ ვიცი. იციან, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობას არ გავუწევ და გზას მიკეტავენ. გამოძიებულია საქმე თავიდან ბოლომდე, კეთილი უნდა ინებონ გენერალურმა პროკურორმა და შს მინისტრმა, მისცენ პასუხისგებაში არა მარტო მკვლელები, არამედ საქმის გამფუჭებელი პროკურორები და ყველა ის პირი, ვინც ოდნავ გაეკარა ჩემი შვილის საქმეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თავისუფალ მედიასა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლას აპროტესტებენ.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ არ გამორიცხავს ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ბლოკადას ზღვიდან
შემდეგი სტატიაფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია