ზაზა ხატიაშვილი: საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს კვლავ დიდი პრობლემებით ხვდება

საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს კვლავ დიდი პრობლემებით ხვდება, – ამის შესახებ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, პრემიერ-მინისტრი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით მიღებას მართავს, სადაც მეც მიმიწვიეს. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აუცილებლად გააკეთებენ განცხადებებს ადამიანის უფლებების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დაგვამადლიან, რომ აღარ ხდება პატიმრების გაუპატიურება, გვერდს აუვლიან კაბელების საქმეს, ”რუსთავი 2”-ის საქმეს, ნაწამები ადვოკატის, გიორგი მდინარაძის საქმეს, წამებაში მონაწილე პოლიციელების სამსახურებრივ დაწინაურებებს და ა.შ.
ვფიქრობ, არავინ იტყვის სიმართლეს რეალურად ადამიანის უფლებების რეალური მდგომარეობის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვის დღის პომპეზურად აღნიშვნა დასჩემდა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ სჯობს გააანალიზოს, თუ რეალურად რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში.

საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს კვლავ დიდი პრობლემებით ხვდება. პოლიტპატიმრების რაოდენობით დღვანდელი ხელისუფლება აშკარად ჩამოუვრდება წინამორბედს, მაგრამ „კაბელების“ საქმემ და უდანაშაულოდ დაპატიმრებულმა 5 ჯარისკაცმა დაგვანახა, რომ მოქმედი ხელისუფლება, როგორც სააკაშვილის რეჟიმი, მიდრეკილია ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები თუ ამის საჭიროებას დაინახავს.
დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს „გირგვლიანის“ საქმის ტრადიციებს და წამებაში ბრალდებულ პოლიციელებს აწინაურებს უმაღლეს თანამდებობებზე, რაც ქვეყნაში წამებას, არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობას ახალისებს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ კონვენციის მესამე მუხლის დარღვევის გამო (წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა) რჩება რეაგირების გარეშე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებასთან მიმართებაში მოქმედი ხელისუფლების რეკორდს, ალბათ ევროპის ქვეყნებში ვერავინ მოხსნის. 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩაიდინა არნახული საოცრება და წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად რევაზ ქობულია დანიშნა, რომელსაც ნაწამები რევაზ დვალიშვილი როგორც მის უშუალო მწამებელს ადებდა ხელს, პიროვნებას, რომელმაც წყალტუბოს პოლიციაში ნაწამებ რევაზ დვალიშვილს იატაკიდან „კოკა-კოლა“ ენით აალოკინა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2012 წლის დეკემბერში რევაზ დვალიშვლის საქმეზე დაადგინა წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელების მხრიდან წამების თაობაზე, ყოფილა მათი სამსახურებრივი დაწინაურების საფუძველი. დღეს, რევაზ ქობულია კვლავ თავის თანამდებობაზე იმყოფება.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გიორგი მიქიაშვილის წამების ფაქტზე არც ერთი პოლიციელი არ არის დაკავებული. ერთ-ერთი არაპირდაპირი შემოქმედი ლევან მურუსიძე სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი მმართველია. მიუხედავად იმისა, რომ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტების თანდასწრებით, გიორგი მიქიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მის მიერ კანონის დარღვევის ფაქტი აღიარა, იგი მაინც აირჩიეს მოსამართლედ.

2015 წლის 8 ნოემბერს, ადვოკატის დღეს, მაშინ, როდესაც ადვოკატთა ასოციაციას ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი მარია სლაზაკი სტუმრობდა, პოლიციის დაწესებულებაში სახაზინო ადვოკატი გიორგი მდინარაძე აწამეს, რომელიც ღამის ორ საათზე, 14 წლის არასრულწლოვნის დასაცავად გამოიძახეს. ადვოკატს, რომელმაც განუმარტა ბრალდებულს თავისი უფლებები, დაადეს ბორკილები და აწამეს. დღეის მდომარეობით, ის პირები, ვინც უკანონოდ დააკავა ადვოკატი გიორგი მდინარაძე, პოლიციაში მუშაობენ. დღეს, სავარაუდოდ, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ გააკეთებს განცხადებას ნაწამებ ადვოკატთან დაკავშირებით. მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველი აქტიურობს ადვოკატის წამების საშინელი ფაქტის გახმაურებით.

მეგობრებო! ნამდვილო უფლებადამცველებო. გერქვას უფლებადამცველი, ეს არის დიდი მოვალეობა, დიდი ვალდებულება, რომელიც ტიტანურ შრომას მოითხვოს. ნამდვილი უფლებადამცველობა ძალიან რთულია, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში. მინდა ყველა ნამდვილ, უანგარო უფლებადამცველს მოგილოცოთ ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, გისურვოთ გამძლეობა და სულიერი სიმტკიცე. უფლებადამცველებო! ჩვენ არ უნდა შვუშინდეთ ხელისუფლებისგან დაქირავებული ჯგუფების შემოტევებს, შანტაჟს, ჩვენს აგენტებად მოხსენიებას და ა.შ. ჩვენ უნდა ვიდგეთ მყარად, რათა დავიცვათ ადამიანის უფლებები. ეს არის ჩვენი ცხოვრების გზა, ძალიან ეკლიანი, მაგრამ ძალიან საპატიო”, – ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„წითელი ნუსხით“ დაცულ სარსარაკებზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: ქალების მკვლელობის მხრივ მასშტაბები საგანგაშოა