ზაზა ხატიაშვილი მთავარ პროკურორს ღია წერილით მიმართავს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მთავარ პროკურორს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც ”თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პროკურატურაში უმართავი პროცესები მიმდინარეობს. პროკურორები აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ. არ არსებობს დამოუკიდებელი მექანიზმი, რაც მათ გააკონტროლებს და გაუგონარ უკანონობებს ჩადიან. პროკურორები თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტების ფარგლებში ერევიან ადვოკატსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამოქალაქო ურთიერობებში. ჩემი შეფასებით, უკანონოდ ერევიან ისეთ საქმეებში, რაზეც სასამართლოს სამივე ინსტანციით განხილული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობს, რაც უკანონობის ნიმუშია პროკურორების მხრიდან“, – აცხადებს ხატიაშვილი.

ღია წერილში საუბარია, რომ 2016 წლის 26 თებერვალს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა ადვოკატ ირაკლი გუნიავას მიმართ განხორციელებულ უკანონო ფაქტთან დაკავშირებით. განცხადება ეხებოდა ირაკლი გუნიავას სასარგებლოდ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რისთვისაც ადვოკატს უნდა მიეღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა საადვოკატო მომსახურებისთვის – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე არაასამეწარმეო იურიდიული პირი ასოციაცია „მეაღნაგეთა ამხანაგობა გლდანი 1“-ს დაევალა მოსარჩელე შპს „მამგუნის“ სასარგებლოდ 49 950 ლარის გადახდა და მოცემული გადაწყვეტილება სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ძალაში დარჩა.

„სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ადვოკატმა ირაკლი გუნიავამ დაიწყო სამართლებრივი პროცედურები, მიმართა სააღსრულებო ბიუროს აღსრულების მოთხოვნით. სავარაუდოდ, სამოქალაქო დავის წაგებულმა მხარემ პროკურატურაში მფარველი იპოვა და კანონიერ ძალაში შესულ სამოქალაქო საქმეზე გამოძიება დაიწყო, რომელიც ფორმალურია, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ, პროკურორების მოთხოვნით (გიზო უბილავა) მეორედ შეჩერდა სააღსრულებო წარმოება 5 თვის ვადით იმ მოტივით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, რაც ჩემი შეფასებით, უკანონობის ნიმუშია. ერთი თვის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაცია უშედეგოდ ცდილობს პროკურატურასთან დაკავშირებას და ვერ ვუკავშირდებით გოდერძი გოდერძიშვილს, ვისაც დააწერეთ ჩემი საჩივარი განსახილველად. ადვოკატთა ასოციაცია რომ ამ დღეშია, წარმომიდგენია, როგორ ექცევიან პროკურატურაში უბრალო მოქალაქეებს. მოგმართავთ, დაიწყოთ სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პროკურორების მიმართ, ვინც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით უკანონოდ ერევიან სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში და ხელოვნურად აჭიანურებენ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე აღსრულების პროცესს“, – ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ღია წერილში.

banner
წინა სტატიაშიე.წ. გერმანული მოდელის განხილვა დღის წესრიგიდან ამოიღეს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასამართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება ძირეული ცვლილება