ზაზა ხარებავა აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში მისი არალეგიტიმურად წარდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ზაზა ხარებავა აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა აქტუალური მისი წარმდგენი ორგანიზაციის ლეგიტიმურობა დღეს, არჩევიდან ორი წლის შემდეგ.

ზაზა ხარებავას თქმით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციამ
„საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ იუსტიციის საბჭოში მისი კანდიდატურა არალეგიტიმურად წარადგინა, რადგან ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ხარებავას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, ორგანიზაციას თავად მიმართა წარდგენის თხოვნით.

იუსტიციის საბჭოს წევრის თქმით, საბჭოს წევრის ადგილზე მოსახვედრად პარლამენტში დოკუმენტაცია კანონის სრული დაცვით შეიტანა. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კენჭისყრაზე ვერ მიხვდებოდა.

„დაახლოებით ორი წლის წინ, 2017 წლის ივნისში ამირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ნამდვილად არ მეგონა, თუ დღეს მომიწევდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა საზოგადოების გარკვეული წრეებისა და ჟურნალისტების დაინტერესებიდან გამომდინარე, მინდა, პასუხი გავცე და ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას ჩემი არჩევის კანონიერებასთან დაკავშირებით, რომელზეც ისმის კითხვები. პარლამენტში ჩემი დოკუმენტაციის წარდგენისას დაცული იყო კანონის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა. ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილი მქონდა პარლამენტში, მიღებულ იქნა, გადარჩეულ იქნა, მიეცა დადებითი შეფასება და მე მოვხვდი კენჭისყრის ეტაპზე. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვებს ჩემს წარმდგენ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ეს ორგანიზაცია იყო კვალიფიციური, არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნდა საბჭოში წარმომადგენლის უფლებამოსილება. მე ამ ორგანიზაციისაგან მქონდა შესაბამისი დოკუმენტები, რაც წარვადგინე პარლამენტში და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომელშიც მოხვდა ეს დოკუმენტაცია. მიჩნეულ იქნა, რომ არავითარი ხარვეზი იქ არ ყოფილა და ცოტა გაურკვეველია ჩემთვის, როდესაც ორი წლის თავზე ისმის ეს კითხვები“, – განაცხადა ზაზა ხარებავამ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მისი არჩევის საკითხის აქტუალიზებას მიზანმიმართულ უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს.

რაც შეეხება კითხვას, ლობირებდა თუ არა მის კანდიდქტურას ვინმე პარლამენტში, ხარებავა აცხადებს, რომ მას პარლამენტში ლობი არ ჰყავს.

მისივე თქმით, ბრალდება, რომ კლანის წევრია, უსაფუძვლოა, რადგან ის პირადად არც კი იცნობს მიხეილ ჩინჩალაძეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილი – ზაზა ხარებავა და ირაკლი შენგელია თუ ახლობლები იყვნენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა