ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია – ენმ-ის თავმჯდომარემ მოადგილეები წარადგინა

„26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთან ერთად გაუძღვება ზაზა გოგავა, როგორც ჩემს მიერ დანიშნული მოადგილე. ამასთანავე მივიღე გადაწყვეტილება, მოადგილის როლში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია,“ – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავამ ორი მოადგილე დაასახელა – ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია. ბოკუჩავამ ასევე მიმართა ენმ-ის ქალთა ორგანიზაციას, რომ აირჩიონ ახალი თავმჯდომარე, ასევე მისი მოადგილე გახდება.

26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. მჯერა ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. არჩევნებამდე დარჩა 106 დღე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში, რათა გვქონეს ყველაზე ეფექტური კამპანია, ყველაზე გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამ არჩევნებისთვის, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისათვის. მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთან ერთად გაუძღვება ზაზა გოგავა, როგორც ჩემს მიერ დანიშნული მოადგილე. ამასთანავე მივიღე გადაწყვეტილება, მოადგილის როლში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება პარტიის მაქსიმალურად გახსნას ახალგაზრდებისთვის. იგორი ყოველთვის წინა ხაზზე იდგა აპროტესტო მოძრაობის დროს და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დააკავეს, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ის ყოველთვის იდგა და იდგება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მეამაყება, რომ ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამავე პრინციპით, მივიღე ასევე ინსტიტუციური გადაწყვეტილება და ვთხოვ „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციას, აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, რაა როლსაც მე ვიკავებდი ჯერ კიდევ 2017 წლიდან, რაც ძალიან მეამაყება. მათ მიერ შერჩეული კანდიდატი ასევე დაიკავებს ჩემი მოადგილის პოზიციას. მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პოლიტიკიდან, გააუქმეს ქალთა კვოტირება, დევნის პარლამენტიდან, დევნის ეკონომიკიდან და დევნის ქვეყნიდან, როცა იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70 პროცენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ქალია, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ცელი შევუწყოთ ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში, ამიტომ ჩემი ინიციატივით ასევე შევიტანეთ ცვლილება პარტიის წესდებაში, რომლის მიხედვითაც მინიმუმ 30 პროცენტი პარტიული საარჩევნო სიების დაკომპლექტებული იქნება სწორედ ქალებით. მჯერა, ჩვენი დღევანდელი ინიციატივები გააგრძელებს ჩვენს საერთო ძალისხმევას, რათა ერთიანობით გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ზაზას, იგორს მათი ბრძოლისთვის, მათი შემართებისთვის, ერთიანობისთვის და ასევე ველი დასახელებას ქალთა ორგანიზაციიდან ადამიანის, რომელიც ასევე დაიკავებს თავმჯდომარის მოადგილის როლს,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: სუსმა ერთდროულად 5 ქალი გაუშვა სამარშრუტო ტაქსებში ერთი და იგივე ისტორიით
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია