ზაზა გახელაძის მეუღლე – ცხინვალის ციხეში მონახულებისას ზაზამ მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო

ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფ ზაზა გახელაძეს მამა, მეუღლე და შვილები შეხვდნენ.

შეხვედრა ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ დახმარებით მოხერხდა.

უკანონონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, გაწერილი იყო როგორც პაემანის დრო, ასევე მნახველთა რაოდენობა. აღნიშნული შეთანხმებით, ბრალდებულის ოჯახის ოთხ წევრს – ორ ზრდასრულს და ორ არასრულწლოვანს შეეძლო საპატიმროში პაემანზე შესვლა.

„ბუნებრივია, დაკავებიდან დღემდე, ამდენი თვის განმავლობაში გვინდოდა ზაზას ნახვა, მაგრამ ამის უფლებას არ გვაძლევდნენ, ახლა კი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე მსჯავრდებულია და „წითელმა ჯვარმა“ შეძლო, რომ შეეთანხმებინა შეხვედრა. პაემნების ოთახში შევხვდით. ორ საათზე მეტი დრო მოგვცეს შეხვედრისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადაა, ჭრილობა აღარ აწუხებს. თქვა, რომ ციხეში ეთნიკური ნიშნით ზეწოლა არ ხდება. როგორც გვითხრა, გასაჩივრებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ამ თორმეტწლიანი განაჩენის შეცვლის იმედი მაინც არ ჰქონდა.

მითხრა, აქ პატიმარი კი არ ვარ, სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს სჭირდებათ, ახსენეს მსგავსი რაღაცები – თქვენები ერთ პატიმარს მაინც რატომ ვერ ელევიან, რომ გაგცვალონო, არ დაუკონკრეტებია, ვინ უთხრა ეს სიტყვები ან ვის, რომელ პატიმარს გულისხმობდნენ. სხვა მხრივ, საკანში ტელევიზორიც აქვს, ახალ ამბებს ეცნობა, მაგრამ ძალიან უიმედოდ არის. დამშვიდობება გაგვიჭირდა, მაგრამ რას ვიზამდით”, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა „ინტერპრესნიუსთან“.

banner
წინა სტატიაშიTI-ი მე-9 მოწვევის პარლამენტის “უტყვი” დეპუტატების სიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაზაზა ფაჩულია კორონავირუსის ვაქცინით აიცრა