საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელი სამართლებრივად ნაკლოვანია და ერთადერთ მტკიცებულებად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეყრდნობა.
ბიბილაშვილის თქმით, მოსარჩელე მხარემ მტკიცებულება ცალმხრივად თავად შექმნა, საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის დანაშაულის დამადასტურებელი არცერთი კანონიერი განაჩენი.
„საქმეში არსებული ეს ერთადერთი მტკიცებულება მოსარჩელემ ცალმხრივად თავად შექმნა — სახალხო ენაზე რომ ვთქვათ: მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა — ეს არის მთელი ჩვენი პროცესი! თავად შექმნეს მტკიცებულება და ამბობენ, რაც მე ვთქვი, იმას დაეყრდენითო“, — აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მომზადებულ განმარტებით ბარათში ოპოზიცია წინასწარ იყო დამნაშავედ გამოცხადებული, თავად დასკვნა კი პოლიტიკურ შეფასებებსა და ფსიქოლოგიურ წიაღსვლებს შეიცავს და არა მყარ მტკიცებულებებს.

















