ზაზა ბიბილაშვილი პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმაურება

საოცარი საყურებელი იყო გუშინდელი “არჩევანი”. ვიღაც შეშინებული კაცი იყო სტუმრად ეთერში. ნახევრადწამოწოლილი ლაპარაკობდა. ისევე სასაცილოდ და არაბუნებრივად გამოიყურებოდა კოსტუმში გამოყრონჭილი, როგორც მის მიერ შემთხვევით დაკავებულ თანამდებობაზე.

ლაპარაკისას უცნაურად მანჭავდა სახეს – თითქოს საკუთარი არამყარი პოზიციის გადასაფარად ან წამყვანთან ხელოვნური ფამილარობის მოსაპოვებლად.
კაცი, რომლის ყველაზე დიდი გმირობა მისი დროებითი სამსახურის შენობიდან არგამოსვლა გამოდგა (მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში კვირაში ერთხელ დადის).

როცა მცირედი, მაგრამ რეალური ძალაუფლება ჰქონდა, ეს ძალაუფლება გამომცემლების გასაკოტრებლად და ბენდუქიძის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გასაუქმებლად გამოიყენა. თან ურცხვად ტყუოდა – არ გამიუქმებია, შევაჩერეო.

უყურებდი ამ კაცს და მის მაგივრად განიცდიდი უხერხულობას. ხანდახან სირცხვილისგან გადართვა გინდებოდა, მაგრამ თანამდებობისადმი ინტერესი სძლევდა. ისიც არ გიცრუებდა იმედს – ყოველი მომდევნო პასაჟი წინაზე უფრო გამაოგნებელი, არათანმიმდევრული, მორალურად ყალბი, სამართლებრივად გაუმართავი, პოლიტიკურად ბეცი, ადამიანურად საბრალო იყო. ლოგიკურ ჯაჭვს ვერ აგებდა პრაქტიკულად ვერც ერთ თემაზე საუბრისას.

ამ კაცს გუშინ შემოეღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები (პიჯაკების საქმე, შეწყალების საქმე) ცხადზე უცხადესი პოლიტიკური დევნაა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს კომიკურად წარმოაჩენს და ძალიან აზიანებს.

მიუხედავად ამისა, მან გვახარა, რომ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს კი არ დადგება (არც გული მოულბება – როგორც მისი ცოლისძმის შემთხვევაში), არამედ დაეხმარება ოლიგარქის პროკურატურას იმ ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულში, რომელიც ყველას თვალწინ მიმდინარეობს. დაეხმარება იმაში, რომ მსოფლიომ სიმართლე აღარ გაიგოს.

მან ასევე აღიარა ის, რასაც სულ ვამბობდით – რომ ოცნება ნაციონალურ მოძრაობის შემდეგ რეგრესია. უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან ყველაფერი კარგი, რაც 2012 წლამდე ხდებოდა დამთავრდა, ყველაფერი ცუდი კი დარჩა და ახალ ხარისხში აიყვანეს. “უნიათობით” კი არა, –
შეგნებულად. განზრახ. ბოროტებით.

არც ერთი გინება არ შეედრება იმ შეურაცხყოფას, იმ დაკნინებას, რომელსაც მარგველაშვილის პრეზდენტობა წარმოადგენს ჩვენი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის. ყველაზე მძიმე ისაა, რომ მოვა დრო და ეს ბედოვლათი ისევ ჩვენი დასაცავი გახდება ყოფილი პატრონისგან.

და როცა ეს დრო დადგება, მე პირადად საერთოდ არ მომინდება მისი დაცვა: ზრდასრული ადამიანია და, დაე, საკუთარ არჩევანზე თავად აგოს პასუხი.

 

ზაზა ბიბილაშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ თეა წულუკიანს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე არსებული უწყებათაშორისი კომისიის მოწვევის თხოვნით მიმართა
შემდეგი სტატიაშეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა უნდა იყოს ახსნილი კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების შეწყალების მოტივი