ზარქუა: თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში უკრაინული სცენარი გადმოეტანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ასვლა მისთვის ეთიკურად მიუღებელია.

„ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო, მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი. ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა ამომრჩევლის, მათ შორის მათი ამომრჩევლის. პირიქით, ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე. თუ ეს საწყენია, არ ვიცი. მიუღებელია, ლამაზი არ არის. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი პროტესტი, ხედვა, აზრი, თუ ამოცანა, მაგრამ არ არის აუცილებელი, ტრიბუნებზე სალტოები ვაკეთოთ. არ არის აუცილებელი, რომ ფეხშიშველამ მაგიდებზე ვირბინოთ. მიუღებელია და ამას ასე გავაგრძელებ, ვის როგორ ეწყინება, მნიშვნელობა არ აქვს.

…ჩემი კოლეგაა და ახლა ბრალდებებით ვერ გამოვალ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს მათი მხრიდან ლამაზი საქციელი არ იყო. სანახაობრივად, არც არანაირად გამართლებული არ იყო მაგიდაზე ფეხშიშველი სიარული. ახლა ჩივილს ვერ დავუწყებ, თუმცა ეს მათი არჩევანია. თუ სადმე დავაშავე, დაადგენენ, თუმცა არ მქონია მიზნად და არც ამოცანად, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. პირიქით, მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, ტრიბუნაზე მოგლიჯონ ხოლმე მიკროფონი და მაგიდაზე ფეხშიშველი ირბინონ, სწორედ ისინი არღვევენ, მათ შორის მათი ამომრჩევლის უფლებებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუას თქმით, თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში უკრაინული სცენარი გადმოეტანა და შალვა პაპუაშვილმა ამის თავიდან არიდება სცადა.

„ამ ეპიზოდშიც ბატონ შალვას ჰქონდა მცდელობა, უბრალოდ აერიდებინა, რადგან ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა, რაღაც უკრაინული სცენარი გადმოეტანა საქართველოს პარლამენტში. არ გამოუვა ეს. ამის არც დრო და არც მოცემულობა არ არის. ვისურვებდი, რომ ისინი კონცენტრირებული იყვნენ იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და არ ის, რომ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, პოლიტიკურად ისედაც დაძაბული გარემო გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია ოპოზიციის კოორდინაციაზე: ორიოდე დღეში გაიგებთ
შემდეგი სტატიაკულუმბეგოვი: კორონავირუსის გავრცელების მართვა გაურკვეველი მეთოდებით მიმდინარეობს