ზარქუა: ოპოზიციონერებს, რომლებიც დარბიან ევროპარლამენტის კორიდორებში და საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, რამის დაზუსტება თუ უნდათ, დღეს პარლამენტში აქვთ ამის შესაძლებლობა

ოპოზიციონერებს, რომლებიც დარბიან ევროპარლამენტის კორიდორებში და საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, რამის დაზუსტება თუ უნდათ, დღეს პარლამენტში აქვთ ამის შესაძლებლობა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით მთავრობის ოთხი წევრის, მათ შორის პრემიერის მოსმენის თაობაზე.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, ის რეგლამენტი რომლის საფუძველზეც ოპოზიციამ დაიბარა პრემიერი, არის გაცილებით დემოკრატიული, კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო გადის დემოკრატიის მნიშვნელოვან ეტაპს. ყოველწლიურად უმჯობესდება, როგორც შემდეგი მოწვევის პარლამენტების​ რეგლამენტები, ასევე ზოგადად, მდგომარეობა ქვეყანაში. ოპოზიციის მოთხოვნით პრემიერი და დანარჩენი მინისტრები წარდგებიან დღეს, ეს ისტორიას არ ახსოვს აქამდე, მით უმეტეს, იმ რეჟიმის დროს. რაც შეეხება, რატომ არის ეს თემა აქტუალური და რატომ არიან დანარჩენი მინისტრებიც; იმიტომ, რომ დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან, როგორც შიდა, ასევე უნდა ითქვას, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ხალხის, უკრაინელების ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან, იყო ამაზე პრეტენზია, რომ საქართველო შეიძლება, ხელს უწყობდეს რუსეთის სანქციების გვერდის ავლას. ამაზე, სხვათა შორის, ცივი წყალი გადაასხა ბრიტანეთის დაზვერვამ, რომელმაც თქვა, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება. თუმცა, მგონია, დღეს აუცილებელია, მკაფიო პასუხები გაეცეს ამას, როგორც პრემიერის, ისე იმ მინისტრების მხრიდან, ვინც ჩართული არიან ამ პროცესში.

ბუნებრივია, ეს მიმართულებები, რაც დღეს არის წარმოდგენილი, აძლევს საშუალებას ჩვენს ოპოზიციონერებს, გამოიჩინონ თავი, დასვან ადეკვატური კითხვები, მოისმინონ და შემდეგ ანალიზის საფუძველზე სწორი დასკვნები გამოიტანონ. როგორც ამბობენ, თურმე რაღაც საშინელებებს სჩადის ხელისუფლება და შემდეგ დარბიან ევროპარლამენტის კორიდორებში და საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, თუ ვინმეს რამის დაზუსტება უნდა, დღეს აქ აქვთ შესაძლებლობა.

იმედია, დღესაც იგივე სურათი არ გვექნება, როცა მოითხოვეს დებატები და შემდეგ, ცარიელი დარბაზი იყო, მმართველი პარტია და ხელისუფლება რომ შემოვრჩით მარტო ერთმანეთს. იმედია, მსგავსი სურათი არ იქნება“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო მზადაა და იმსახურებს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ – ილია დარჩიაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ibis Budget-ი გაიხსნა