ზარდიაშვილი: სამუშაოს მოძებნა არ გამიჭირდება, არც საჯარო სექტორში და არც კერძო სექტორში

“ცოტა ხანი დავისვენებ და მე ვფიქრობ, რომ სამუშაოს მოძებნა არ გამიჭირდება, არც საჯარო სექტორში და არც კერძო სექტორში ”-აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

ვანო ზარდიაშვილის თქმით, პარლამენტის მანდატი საკუთარი სურვილით დატოვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ოჯახისა და შვილების გამო მიიღო, რადგან ისინი “დაუმსახურებელ ცილისწამებასა და ფსიქიკურ წნეხს განიცდიან”

“ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით მე როგორც პარტიის ხელმძღვანელობას, ასევე პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვებინა პარლამენტი, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია”- თქვა ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, თანამდებობა იმისთვისაა, რომ თითოეული შენი მოქალაქის ინტერესების დაცვისთვის იზრუნო და არა პირად კეთილდღეობაზე. ზარდიაშვილი ამბობს, რომ მანდატის დატოვების გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

მანვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ეკა ბესელიას არ უკავშირდება.

“არცერთ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება მაგ ქალბატონს. პირიქით, მაგ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი”- ამბობს ზარდიაშვილი.

ვანო ზარდიაშვილმა, დღეს, 7 ოქტომბერს, საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, ის ქართული ოცნების წევრია.

26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი “მორალური ხედვები” იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა “ბესელიას მორალისკენ” მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – თუ ვინმეს ჩემი მანდატი ანერვიულებს, მინდა ვუთხრა, მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს
შემდეგი სტატია“ჩემი გადაწყვეტილება ქალბატონს არ უკავშირდება”-ზარდიაშვილი