33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ზაქრო გვიშიანი დიუშენის მედიკამენტებზე – საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრსა და უწყების გუნდს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, სახელმწიფოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, კომუნიკაცია ინტენსიურ ფაზაში გადავიდა.

მისივე თქმით, სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, რათა ორ უმთავრეს მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში უზრუნველყონ.

გვიშიანი აღნიშნავს, რომ კომუნიკაციის ინიციატივა ორივე მხრიდან მოდიოდა და დიალოგი კონსტრუქციულია:

„ჩვენ იმ კარგი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სახელმწიფომ მიიღო ორ უმთავრეს მედიკამენტთან მიმართებაში, რომელიც თითქმის ყველა ბავშვზე ასახული და მორგებული იქნება, ორი შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის მინისტრთან და სამინისტროს გუნდთან. ერთი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით იყო, მეორე — ჩვენი ინიციატივით“, — ამბობს გვიშიანი.

ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად წამლების ქვეყანაში ფიზიკურად, დროულად შემოტანა რჩება, რაზეც უწყება აქტიურად მუშაობს.

„ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ფარმაცევტულ კომპანიებთან — შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“,_ ამბობს გვიშიანი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა ჩათვალა, რომ უკრაინის ომის ხმაურის საფარქვეშ ჩემი მოშორება ადვილი იყო
შემდეგი სტატია“რაც უარესი “ნაცმოძრაობისთვის”, მით უკეთესი საქართველოსთვის”- გურამ მაჭარაშვილი