ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დრონით თავდასხმა მოხდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი სადგურის ტურბინის შენობას დაეჯახა, რის შედეგადაც კედელში ხვრელი გაჩნდა.
რუსული მხარე, კერძოდ, სახელმწიფო კომპანია „როსატომი“, თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „დრონი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იმართებოდა, რაც გამორიცხავს შემთხვევითობას“. „როსატომის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალექსეი ლიხაჩოვის თქმით, ეს ინციდენტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც.
კიევი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს რუსეთის მიერ დაგეგმილ „საინფორმაციო ოპერაციად“ აფასებს.
„გაუგებარია, რატომ უნდა დაარტყას უკრაინამ საკუთარ ატომურ ელექტროსადგურს, რომლის დაბრუნებასაც თავად ცდილობს“, – აცხადებენ სამინისტროში.
ინციდენტს მწვავე შეფასება მისცა IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა ცეცხლთან თამაშს ჰგავს“.
„როსატომის“ ცნობით, დარტყმის შედეგად ძირითადი აღჭურვილობა არ დაზიანებულა, თუმცა რუსეთის მიერ დანიშნულმა სადგურის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ კვირას დაბომბვის შედეგად განადგურდა თანამშრომელთა გადასაყვანი რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება. მათივე მტკიცებით, პერსონალი არ დაშავებულა და სადგური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

















