ზამთარში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლება, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ-ომბუდსმენმა აღსრულებას მიმართა

სახალხო დამცველის განცხადებით, 7 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა – ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ.

“სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას”, – წერია განცხადებაში.

აპარატი აღნიშნავს, რომ გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას.

დასკვნაში ნათქვამა:

“ფაქტობრივი გარემოებების, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვის შემდეგ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებული ფაქტობრივი რეალობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპები მოითხოვს, გამოსახლების განხორციელების შეზღუდვას ზამთარში იმ პირთათვის, რომელთა მიერ დაკავებული ფართი ერთადერთი საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ წინადადებით: განიხილოთ სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების პროცესის განხორციელების შეზღუდვა ზამთრის პერიოდში, იმ პირების (მოვალეების) შემთხვევაში, რომლისთვისაც უძრავი ქონება ერთადერთი საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებს”.

banner
წინა სტატიაშიThe Economist-ის სტატია მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე
შემდეგი სტატიაემიგრანტებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება-“გირჩი მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” საგარეოს მიმართეს