ზალკანიანი: სპეკულაციები, აბსოლუტურად იაფფასიანი სპეკულაციებია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთისკენ სწრაფვისა და ავტორიტარიზმის თაობაზე ოპონენტების განცხადებები იაფფასიანი სპეკულაციებია, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ზალკალიანის თქმით, ქართველი ხალხი რეალობას კარგად ხედავს და შავის და თეთრის გარჩევა არ უჭირს.

„ეს არის მათი ინტერპრეტაცია, მათი ნარატივი, რომელსაც ისინი უკვე დიდი ხანია, ამკვიდრებენ, ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, დაამკვიდრონ ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი არის ბრძენი და ძალიან კარგად ხედავენ და არჩევენ შავს და თეთრს, ეს კარგად არის ასახული იმ არჩევნების შედეგებით, რაც 2012 წლის შემდეგ ჩატარდა. ყველა არჩევნებში ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რომელიც არის ამ საგარეო პოლიტიკური კურსის გამტარებელი. ამიტომ, ეს სპეკულაციები, აბსოლუტურად იაფფასიანი სპეკულაციებია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. ძალიან ირონიულია და მსგავსი ბრალდებების მოსმენა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანებისგან, ვინც თავად იყო ხელისუფლებაში 2012 წლამდე და ნაცვლად დეკლარირებული პრიორიტეტებისა, საწინააღმდეგოს აკეთებდნენ. თუნდაც მედია თავისუფლების კუთხით, გახსოვთ, რა სიტუაცია იყო 2012 წლამდე, როდესაც სატელიტურ თეფშებს აპატიმრებდნენ და არც ერთ მედიასაშუალებას არ ჰქონდა დამოუკიდებელი მაუწყებლობის საშუალება. ერთი მედიასაშუალება იყო მთელ საქართველოში, რომელიც შეზღუდული იყო მაუწყებლობის კუთხით და თბილისს ვერ ცდებოდა, მაშინ, როდესაც მთლიანად, ყველა სატელევიზიო არხი კონტროლირდებოდა მმართველი ხელისუფლების მხრიდან. აი, ეს იყო მათი სტილი და დღეს ეს ადამიანები მედიათავისუფლებასა და დემოკრატიაზე გვესაუბრებიან. მაშინ, როდესაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო შელახული, როდესაც საკუთრების უფლება იყო შელახული, როდესაც ერთმანეთთან დალაპარაკების ეშინოდა საზოგადოებას და იმის გამო, რომ ვინმე პოლიტიკურ სიმპათიას გამოხატავდა, ციხეში უშვებდნენ. აი, ეს ადამიანები დღეს გვესაუბრებიან დემოკრატიაზე და ქართველი ხალხი ამას არასდროს მიიღებს ამ ადამიანების მხრიდან.

ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, ნუ გვესაუბრებით წარსულზეო, მაგრამ მუდმივად დაველაპარაკებით მათ წარსულზე, რადგანაც როდესაც პოლიტიკაში ხარ და პრეტენზია გაქვს, რომ კიდევ იყო პოლიტიკაში, მუდმივად უნდა შევახსენოთ მათი პოლიტიკური წარსულის შესახებ და ეს ასე იქნება. ამას მე კი არ გავაკეთებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ამას გააკეთებს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაში“იმედგაცრუებული ვართ… მზად ვართ, დაგეხმაროთ”
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა