ზალკალიანი – ვულოცავ „ქართული ოცნების” ყველა კანდიდატს, ვინც გამარჯვება მოიპოვა

ვულოცავ “ქართული ოცნების” ყველა კანდიდატს, ვინც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და წარმატებას ვუსურვებ ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებასა და საკუთარი ხალხის სამსახურში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, მოსახლეობის უმეტესობამ ხმა სტაბილურ განვითარებას მისცა და რითაც ღირსეული არჩევანი გააკეთა.

„ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ისევე როგორც ჩვენს დედაქალაქში ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხო, ამას მოსახლეობა კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს.

“ქართული ოცნების” მიზანია აღმშენებლობის ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდეს მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში, მათ შორის, თვითმმართველი ერთეულები განვითარდნენ და ჩვენი დედაქალაქი გარდაიქმნეს ჭეშმარიტ ევროპულ ქალაქად. სწორედ სტაბილურ განვითარებას მისცა ხმა მოსახლეობის უმეტესობამ და ამით ღირსეული არჩევანი გააკეთა.

ფაქტობრივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო ხელოვნურ კრიზისში შევიდა, რაც დაუშვებელია იმ სერიოზული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც იდგა და დგას ქვეყანა. იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების რეგიონული გარემო, პანდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური პროცესი თუ სხვა.

მაშინ როცა, ამ გამოწვევებთან გამკლავება მოითხოვს, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების ჩართულობასაც, ჩვენ ვხედავდით აბსოლუტურად საწინააღმდეგოს, როდესაც უპასუხისმგებლო ადამიანებმა, პირადი პოლიტიკური ინტერესების გამო ქვეყანა შეიყვანეს ხელოვნურ კრიზისში.

დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმევა პოლარიზაციას და ხელოვნურად შექმნილი ქაოსის განცდას და უახლოესი სამი წლის განმავლობაში, როდესაც საარჩევნო ციკლში არ ვიქნებით, ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა იყოს ფოკუსირებული მოსახლეობის და ქვეყნის სასარგებლო საქმეებზე – ქალაქების, რეგიონების განვითარებაზე, თბილისის აღორძინებაზე, იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც წამოწყებულია და მთავრობის მიერ წარდგენილი ათწლიანი გეგმის შესრულებაზე. ყველაფერ ამას სჭირდება სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და იმედია, ამას გააცნობიერებენ პოლიტიკური ოპონენტებიც“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა ხდება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა