ზალკალიანი – ურუგვაი მზად არის, საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით

20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოსთან, რომელიც თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი და სამომავლო პრიორიტეტები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ურუგვაის შორის არაერთი მსგავსებაა, საერთო ღირებულებებისადმი პატივისცემა და ინტერესები, ქმნის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესს, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების სიხშირე.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ შესანიშნავი პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, სექტორული თანამშრომლობისა და სამართლებრივი ჩარჩოს კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობა. ურუგვაის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციის, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს, გეოსტრატეგიული მდებარეობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ქსელის შესახებ. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად, უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც მინისტრი გააჟღერებს გახლავთ ის, რომ მე მან გადმომცა ნოტა, იმასთან დაკავშირებით, რომ ურუგვაი მზად არის საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. ვფიქრობ ეს იქნება ამ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს შორის და საქართველოს პოტენციალი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, ისე როგორც ჩვენ გამოვიყენებთ იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს, რომელსაც ურუგვაი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვთავაზობს ლათინური ამერიკის რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა საკითხებზე თანხვედრი პოზიციიდან გამომდინარე, საერთაშორისო ფორმატებში, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონ ფრანსისკო ბუსტილიოს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერისთვის. დავით ზალკალიანმა ურუგვაელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურუგვაის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკის რეგიონში ურუგვაის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყანაა.

ბატონი ფრანსისკო ბუსტილიო საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. იგი თბილისში სომხეთის რესპუბლიკიდან ჩამოვიდა, ხოლო საქართველოდან თურქეთში გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება, ჯერჯერობით არ არსებობს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა