ზალკალიანი – საქართველოს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო პოლიტიკაში და ამისთვის ჩვენი ქვეყნის ყველა დიპლომატს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 73 ქვეყანაში ქართულ დიპლომატიას ემსახურება ასობით პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, თავდაუზოგავად შრომობენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის – იქნება ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მსოფლიოში საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცება, ქართული კულტურის, ტრადიციების, ტურისტული, ბიზნეს პოტენციალის პოპულარიზაცია თუ სხვა.

„მე, როგორც დიპლომატიური ოჯახის წევრმა, კარგად ვიცი, თუ რამდენი შრომა და ძალისხმევაა საჭირო საერთაშორისო ასპარეზზე თუნდაც მცირე წარმატების მისაღწევად, შესაბამისად ჩვენ ყველა ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მაქსიმუმს ვაკეთებთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.დღეს საქართველოს იცნობენ, როგორც ევროპული სივრცის განუყოფელ ნაწილს, სანდო და საიმედო პარტნიორს და ჩვენ გვაქვს ამბიცია 2024 წელს ოფიციალურად გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე – ეს, სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად, უახლოეს წლებში ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“-აცხადებს დავით ზალკალიანი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დიპლომატია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კომპლექსური პროფესიაა, განსაკუთრებით, დღევანდელ სამყაროში, სადაც დიპლომატიური საქმიანობის ტრადიციული წესები და მოქმედების არეალი სრულიად შეცვლილია და დიპლომატიური სამსახური აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგას.

„დღეს საქართველოს არის ნატოს ასპირანტი, ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, რეგიონში წარმატებული სახელმწიფო უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის გაზრდილი როლითა და ფუნქციებით, მდიდარი კულტურით და ინოვაციური შესაძლებლობებით. სწორედ ქართული დიპლომატიის ძალისხმევის შედეგად, რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო პოლიტიკაში და ამისთვის ყველა თქვენგანს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, – ნათქვამია დავით ზალკალიანის მისალოც სიტყვაში.

3 ნოემბერს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება, რომელიც 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწესდა.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე – ხალხის ნებამ და ძალამ უნდა შეაშინოს და დაამარცხოს “ქართული ოცნება”
შემდეგი სტატია“თავისუფლება მიშას” – ზუგდიდში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან