ზალკალიანი – საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ღამით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, მათგან 850-მა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა, ხოლო 200 ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩავარდა. საპასუხო იერიშების შედეგად ისრაელმა ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ 500 ობიექტი გაანადგურა. ღაზის სექტორში იუწყებიან, რომ დაღუპულია 35 ადამიანი.

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივი საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსაველთ ნაწილში. ისრაელის ხელისუფლება ქალაქის ამ ნაწილიდან პალესტინელების 70-ზე მეტი ოჯახის გასახლებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება პალესტინელებმა ქუჩაში გააპროტესტეს, რასაც იერუსალიმში მდებარე ალ აქასას მეჩეთთან შეტაკებები მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს გასახლების პროცესი, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და მათ მშენებლობების გაგრძელების უფლება აქვთ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოავლინა