ზალკალიანი – რიგის მინისტერიალზე დასწრება არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინზე 2022 წლის ნატო-ს სამიტისადმი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს რიგის მინისტერიალზე საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა ნატო-ს სრული წევრი გახდეს.

„დღეს ჩრდილოატლანტიკული ალიანსის სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილოებენ. ჩვენი დასწრება რიგის მინისტერიალზე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისა. ეს აჩვენებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, აღიარებული იყოს ის პროგრესი, რომელიც საქართველომ მიაღწია ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა საქართველო ნატო-ს სრული წევრი გახდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში. ჩვენ ერთად შევედით ავღანეთში და ნატო-სთან ერთად დავტოვეთ ეს ქვეყანა. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან გამოსვლის პროცესშიც, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ჩვენ დავეხმარეთ ნატო-ს მოკავშირეებს მომხდარიყო ადამიანების ევაკუაცია ავღანეთიდან. მჯერა, რომ რიგის სამიტზე დასწრება არის დიდი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინებზე 2022 წლის ნატო-ს სამიტისადმი. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მიერ ნატო-ს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილებებში და დეკლარაციებში, როგორც დღევანდელ მინისტერიალზე, ისე 2022 წლის ნატო-ს სამიტზეც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიმევლუთ ჩავუშოღლუ – თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და სხვა მეზობელი ქვეყნების გაწევრიანებას
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავა