ზალკალიანი: პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს რამდენიმე ელჩი საკუთარი ინიციატივით აკვირდებოდა

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს რამდენიმე ელჩი საკუთარი ინიციატივით აკვირდებოდა.
დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო უწყება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დიპლომატებს ინფორმაციას აწვდიდა.
მინისტრი ასახელებს მათ შორის გერმანიის ელჩს, რომელიც მისი თქმით, ადგილზე აკვირდებოდა სიტუაციას.
„20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა და სიტუაციის განვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა, მათ მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
20 ივნისის ღამეს ელჩების პარლამენტში ყოფნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც. ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ იმ ღამეს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ გერმანიის ელჩი იყო სხვა ქვეყნის დიპლომატიური უწყების პირველი პირები კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პირდაპირ კავშირზე იმყოფებოდნენ.
20 ივნისის ღამეს პარლამენტში გერმანიის ელჩის ყოფნას მისივე ფრანგი კოლეგა ადასტურებს. პასკალ მენიე მასთან სატელეფონო საუბარს იხსენებს და აცხადებს, რომ იმ ღამეს ჰუბერტ ქნირში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა.
პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყოფნის შესახებ ჟურნალისტებმა დღეს ამერიკის და საფრანგეთის ელჩებს დაუსვეს კითხვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში მასთან ერთად, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: ფარების წართმევა კორდონის გასარღვევად მნიშვნელოვანია , ნუთუ არ იწვევს ინტერესს საიდან ასეთი ორგანიზებულობა?