ზალკალიანი – ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის ქვეყნებში

გასული ოთხი წლის განმავლობაში, ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ფეისბუქზე“ წერს.

„დღეს ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის მიღწევაა, რასაც მრავალრიცხოვანი რეფორმები უძღოდა წინ. ჩვენი ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭებით კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი და დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველო აგრძელებს განუხრელ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაზე დადასტურდა.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლამ საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები – მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიონალური კავშირებისა თუ ზოგადად, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას. ამ პერიოდს თან ახლდა, ასევე, გამოწვევები, რის საპასუხოდაც საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ კოორდინირებული და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა.

სამწუხაროდ, დღეს გლობალური პანდემიის გამო თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდულია, მაგრამ გვჯერა, მალე შევძლებთ ამ გამოწვევის გადალახვას და შესაბამისი პასუხისმგებლობით, საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრით სარგებლობას“,- წერს დავით ზალკალიანი.

დღეს, 28 მარტს, ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით დიდი იმედი გააჩინა
შემდეგი სტატიაჯანჯღავას ქუჩა II ჩიხში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს