ზალკალიანი: ხელისუფლება არის გარანტი, რომ 31 ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება

„ეჭვი არავის ეპარება არც ბრიუსელში, არც სტრასბურგში და არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, რომ, დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის თვალსაზრისით, საქართველო კიდევ ერთ მაღალ შედეგს აჩვენებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“ – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა რადიო იმედის პოლიტიკურ ტოქ-შოუ „კვირის პოლიტიკა“-ში განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მოლოდინები და მოთხოვნები მაღალია. „დემოკრატიის თამასა საქართველოში არის უმაღლეს ნიშნულზე, და სწორედ ამ უმაღლესი ნიშნულის შესაბამისია საქართველოს მიმართ პარტნიორთა მოთხოვნებიც“ – დასძინა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიის ყველა ტესტი ჩაბარებული აქვს, რადგან 2012 წლიდან მყოლებული, საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები იყო გამჭვირვალე და დემოკრატიული, დემოკრატიის უმაღლესი პრინციპებისა და ეუთოს სტანდარტების შესაბამისი, რასაც ადასტურებს ეუთო/ოდირის, საპარლამენტი ასამბლეისა და მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.

ზალკალიანის თქმით, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ დიდი ხნით ადრე დაიწყო მომზადება და ჯერ კიდევ აპრილ-მაისში გადაუგზავნა მოსაწვევები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. მინისტრის ინფორმაციით, უკვე საქართველოშია და გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს მაღალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა ეუთო/ოდირი.

როგორც მინისტრმა ინტერვიუს დროს განაცხადა, საქართელოს უკვე აქვს ამ ორგანიზაციის პირველი შუალედური დასკვნა, რომელიც უაღრესად პოზიტიურია და მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს პარლამენტის მხრიდან ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებას. „კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მედია თავისუფლების კუთხით საქართველო უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს“ – დასძინა ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არის გარანტი, რომ 31 ოქტომბერს მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება.​

banner
წინა სტატიაშიავარია თელავში – ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: მთავარი არის ის, რომ ყველა მძევალის სიცოცხლე იყოს დაცული