ზალკალიანი – ერდოღანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოს პრემიერის როლი ყარაბაღის მოვლენებში

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო თურქეთის პრეზიდენტთან, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი, როგორც ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში გამოიკვეთა და იმ მედიაციის პროცესმა, რომელიც წარმართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, საუბარი ასევე შეეხო სამომავლო პერსპექტივებს, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ქვეყანას შეასრულოს.

„ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი წინადადებები, რომელიც საქართველოს მხრიდან მოდის, კერძოდ, თბილისი გახდეს ერთგვარი პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისათვის, ახალი ინიციატივებისა და პროექტებისთვის და ამ პროცესში ჩვენ მივიღეთ ჩვენი თურქი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი. გარდა ამისა, საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ დინამიკაზე. ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთთან. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში და ჩვენ უმაღლეს დონეზე მიგვიღეს. ვიზიტისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. გადაწყდა, რომ წლის ბოლომდე გაიმართება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და სადაც ვისაუბრებთ სექტორული თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პერსპექტივაზე და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

წინა სტატიაშიდმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში, მისი ოჯახიც მიიღებს ბენეფიტს