ზალკალიანი – ჩვენ უნდა დავიბრუნოთ არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ აფხაზების სიყვარული

სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი თარიღია, ეს არის დღე, რომელიც ომის დამანგრეველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს და უდიდეს ტკივილს და დანაკარგს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ ომში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მამულიშვილები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ქვეყნის სამსხვერპლოზე.

ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის, რომელიც, მიმართული იყო როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა წინააღმდეგ. ამ ომს შეუძლებელია ჰყავდეს გამარჯვებული. ის ტკივილი, რომელიც ჩვენ და ჩვენმა აფხაზმა ძმებმა განვიცადეთ, უკვე მრავალ წელს ითვლის და კვლავ მოუშუშებელ ჭრილობად რჩება.

ამ ჭრილობას მხოლოდ ჩვენი გაერთიანება და მშვიდობიანი თანაცხოვრება მოაშუშებს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზები – არა მხოლოდ აფხაზეთი, რომელიც დროებით მოწყვეტილი კუთხეა – არამედ აფხაზების სიყვარული, მათთან მეგობრობა, ის კულტურა და ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გვაერთიანებდა. ჩვენ ერთი მიწა-წყლის შვილები ვართ და შეუძლებელია ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები გვყოფდეს.

საქართველო მშვიდობიანი მომავლისკენ ესწრაფვის და აფხაზ ძმებსაც სწორედ ამას ვთავაზობთ. ქართველებსა და აფხაზებს არსად წასასვლელი არ გვაქვს, ჩვენ ერთ მიწაზე ვცხოვრობთ, ჩვენი შვილები ერთ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ და ჩვენ ყველამ ერთად ამ ქვეყნის ერთიანი მომავლის მშენებლობაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მხოლოდ ერთიანი ძალით შევძლებთ შევქმნათ უკეთესი ქვეყანა – დამოუკიდებელი, ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული სახელმწიფო“,- წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი – თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?!
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა