ზალკალიანი – ამერიკის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მკაფიო მხარდაჭერის მორიგი გზავნილია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის თავდაცვის მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ისტორიული დატვირთვის მქონეა და ხაზს უსვამს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

მისივე თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, განიხილავენ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ისე რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ თემებს.

„ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მომავალ კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი მართლაც ისტორიული დატვირთვის მქონეა და ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, დინამიურ თანამშრომლობას ანიჭებს.

ამერიკის ადმინისტრაციის ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მორიგი გზავნილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სურვერენიტეტის, სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მკაფიო მხარდაჭერის. თავდაცვის მდივნის ვიზიტი რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმართება, რაც თავის მხრივ, ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის მშვიდობა, სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში. ამერიკას და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე, მრავალწლიანი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის მზაობის ამაღლების და ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით.

საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირე და პარტნიორია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევაში. ქართველი და ამერიკელი სამხედრეობი მრავალი წელია, მსახურობენ ერთად მსფოლიოს არაერთ ცხელ წერტილში, მათ შორის ავღანეთში და განუზომელი წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამ მრავალწლიანი გამოცდილების, სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერტობებისა და ჩვენი საერთო მიღწევების საფუძველზე, ეს ვიზიტი მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას და გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ვიზიტის დეტალებზე მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა გვაქვს მოლოდინი რომ, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წინა სტატიაშიგიორგი ნონიაშვილი – ივანიშვილის გამოსახულებით სატირულ პლაკატებზე ნადირობა გვიჩვენებს თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ლეგიტიმუტ კრიტიკას
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლუიშ კაპულას სანტოს შეხვდა