ზალკალიანი: ამ ვიზიტის შედეგად, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაფასა.

მისი თქმით, ვიზიტი ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი და დროული იყო.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი მას შემდეგ, რაც ის დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. თავად ის ფაქტი, რომ მან ეს ვიზიტი განახორციელა, მიანიშნებს იმაზე, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე მრავალმხრივი მიმართულებით.

ძალიან ბევრი საერთო შეხების წერტილი არსებობს, ჩვენი ინტერესები როგორც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებთან, ასევე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო უმაღლეს დონეზე საუბრები პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, რადგან ჩვენ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს, ძალიან გვჭირდება ინფორმაციის გაცვლა, ასევე პოზიციების შეჯერება, კოორდინირება და ამ თვალსაზრისითაც ეს ვიზიტი იყო მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი.

აღინიშნა, რომ ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელება. არის მზაობა, პოლიტიკური ნება ორივე მხარის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თვისობრივად კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია, ისევე ეფექტურად გაგრძელდეს რეგიონში თანამშრომლობა, გეოსტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ისე გაზსადენი და ნავთობსადენები, ამ მხრივ, მართლაც იდეალურია თანამშრომლობა. ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ამ ვიზიტის შედეგად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს შეიძენს. რა თქმა უნდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით უამრავი შესაძლებლობები არსებობს. რა თქმა უნდა, პანდემიამ, კოვიდმა გარკვეულწილად პრობლემები შექმნა, შეაფერხა ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ არის მზაობა როგორც აზერბაიჯანული მხარის, ისე ჩვენი მხრიდან, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაიზარდოს ეკონომიკური სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. ამას, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გახსნა. ტურიზმის მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია. პანდემიამდე აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა იყო რეკორდული და ჩვენი სურვილია, რომ ეს მიმართულება ისევ იმ დონეზე დარჩეს, კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს. რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ვთანამშრომლობთ ისეთი ორგანიზაციის ფორმატში, როგორიც არის სუამი, სადაც წელს საქართველო არის თავმჯდომარე ქვეყანა და ბუნებრივია ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის გამოყენებაც იქნება ხელსაყრელი, როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე მრავალმხრივ კონტექსტში და ყველა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის. რომ შევაჯამოთ, ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი, და რაც მთავარია, უაღრესად დროული ვიზიტი იყო. განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც იყო ამ მოლაპარაკების პროცესში, განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: გარეჯის საკითხი მალე ჩვენი ძმობის შესაფერისად გადაწყდება
შემდეგი სტატიახოშტარია: კარტოგრაფებზე პროპაგანდისტული ფილმის შემდეგ საზმაუსთან ურთიერთობას ვწყვეტ