ზახაროვა ტრამპზე: მუქარები ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უცხოური მუქარები ირანის ბირთვული ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ “უკანონო და მიუღებელია”, ვინაიდან ამგვარი ქმედებები მთელი მსოფლიოსთვის “რადიოლოგიურ და ჰუმანიტარულ შედეგებს” მოიტანს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ირანის მოწინააღმდეგეების მიერ სამხედრო მეთოდების გამოყენება, შეთანხმების მიღწევის კონტექსტში, უკანონო და მიუღებელია. მუქარები, რომლებიც გარედან მოდის, მაგალითად, ირანის ბირთვული ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ, რომელიც გარდაუვლად მიგვიყვანს ფართომასშტაბიან და შეუქცევად რადიოლოგიურ და ჰუმანიტარულ შედეგებამდე ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში, უბრალოდ მიუღებელია”. – თქვა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

ზახაროვას განცხადება უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას თეირანის მიმართ, რომ აშშ ირანს დაბომბავს, თუ ვაშინგტონთან საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

“[რუსეთი] ერთგულია ძალისხმევისა, იპოვოს პრობლემის მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაჭრის გზები, რომლებიც გამოასწორებს დასავლურ ცრურწმენებსა და გაუგებრობას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ და ამავდროულად გაითვალისწინებს თეირანის ლეგიტიმურ ინტერესებს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანად გამოყენებაში, რაც ირანის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაში მონაწილეობიდან გამომდინარეობს”. – დაამატა ზახაროვამ.

თეირანის მიმართ აშშ-ს პრეზიდენტის მუქარას 1-ელ აპრილს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიც. რიაბკოვმა დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ გახმოვანებული მუქარა დაგმო და განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას “კატასტროფული შედეგები” მოჰყვება.

რუსეთმა დაგმო ტრამპის მუქარა, რომ აშშ ირანს დაბომბავს, თუ ბირთვულ შეთანხმებას არ დადებს
“მუქარები ნამდვილად ისმის, ულტიმატუმებიც ისმის. ჩვენ ასეთ მეთოდებს მიუღებლად მივიჩნევთ, ჩვენ ვგმობთ მათ და მოვიაზრებთ, როგორც [აშშ-ს] გზას, თავს მოახვიოს საკუთარი ნება ირანულ მხარეს”. – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან საუბრისას.

რიაბკოვმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი კომენტარები ირანთან დაკავშირებით “მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას” უწყობს ხელს.

“ამის შედეგები, განსაკუთრებით მაშინ, თუ დარტყმები ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე იქნება, შეიძლება კატასტროფული იყო მთელი რეგიონისთვის.

სანამ დროა და ‘მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია’, ჩვენ ძალისხმევის გაორმაგება გვჭირდება, რათა გონივრულ საფუძველზე მივაღწიოთ შეთანხმებას. რუსეთმა საკუთარი კარგი სამსახური ვაშინგტონს უკვე შესთავაზა, თეირანი და ყველა ამით დაინტერესებულია”. – დაამატა რიაბკოვმა.

ამასთან, კრემლი იანვარში წინადადებით გამოვიდა, მოლაპარაკებებში შუამდგომლობა გაუწიოს ტრამპის ადმინისტრაციასა და ირანს. ამავე თვეში მოსკოვმა თეირანთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება დადო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს დაბომბავს, თუკი ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ შეთანხმებას არ დადებს.

banner
წინა სტატიაშინატოს გაერთიანებული ძალის მეთაური: უკრაინამ ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემა ნაწილობრივ აღმოფხვრა
შემდეგი სტატიაანა კობახიძე: “მორიგი თითქოს ,,წინ გადადგმული ნაბიჯი” საარჩევნო პროცესის ,,გამჭვირვალობისკენ” – ასე ირონიულად შეიძლება შევაფასოთ ცესკოს ცვლილება”