რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების განვითარებას პრაგმატიზმისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ცდილობს, რაშიც წარსულის მდიდარ გამოცდილებას ითვალისწინებს.
ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ანტირუსულ კურსზე უარი თქვა.
„ევროკავშირის წარმომადგენელთა უხეში მცდელობების მიუხედავად — თბილისისთვის მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსის თავსმოხვევის, ანტირუსული სანქციების დაწესებისა და, მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი ინტერესების დასავლეთის პოლიტიკური სიგიჟის სასარგებლოდ მსხვერპლად შეწირვის მიუხედავად — საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი“, — განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აქცენტი ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად ფართოვდება. მისი თქმით, გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2,7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო რუსეთიდან შესულმა ტურისტების ნაკადმა 1,4 მილიონი ადამიანი შეადგინა.
„ჩვენი ქვეყანა საქართველოსთვის კვლავაც რჩება ძირითად საექსპორტო ბაზრად და ამავდროულად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის — ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის — წამყვან მიმწოდებლად. ვცდილობთ შევქმნათ ყველა პირობა ჩვენი ხალხების შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისათვის, რომლებსაც საერთო ღირებულებები, ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები აერთიანებს“, — აღნიშნა მარია ზახაროვამ.















