რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ნებისმიერი სახის სამშვიდობო მისიების განლაგებას უკრაინაში.
“კიდევ ერთხელ მსურს ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სცენარს, რომელიც რუსეთსა და NATO-ს შორის პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს. […] ლონდონი და პარიზი აგრძელებენ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გეგმების შემუშავებას. ყველაფერ ამას რაღაც ტიპის სამშვიდობო მისიად ნიღბავენ” – ამბობს ზახაროვა.
ცნობისთვის, კირ სტარმერმა 15 მარტს “მსურველთა კოალიციის” ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინაში დასავლური სამშვიდობოების კონტინგენტის შესახებ გეგმა წარმოადგინა.
The Times-ის წყაროების ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო მზად არის 10 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნოს უკრაინაში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე კირ სტარმერმა კიდევ რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, რომელიც კონფლიქტის ზონაში სახმელეთო ძალების გაგზავნას დათანხმდა.
15 მარტის შეხვედრაზე 35-მდე ქვეყანა პოტენციური სამშვიდობო მისიისთვის იარაღის მიწოდებასა და ლოჯისტიკური და სადაზვერვო მხარდაჭერის გაწევაზე შეთანხმდა, თუმცა, სავარაუდოდ, უკრაინაში ჯარების ძირითად ნაწილს გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი განალაგებენ.
“ეს იქნება მნიშვნელოვანი ძალა მრავალი ქვეყნის მონაწილეობით, რომლებიც ჯარებს განალაგებენ და კიდევ უფრო დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებისა, რომლებიც სხვა გზით შეიტანენ წვლილს”. – აღნიშნა The Times-ის წყარომ.
მანამდე, 8 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ავსტრალია განიხილავს ევროპული ქვეყნების “მსურველთა კოალიციაში” გაწევრიანებას, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერის ოფისის მიერ 8 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
2 მარტს, გაერთიანებულმა სამეფო და საფრანგეთი გამოვიდნენ იდეით, რომ ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. მიუხედავად მოლაპარაკებების პროგრესისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიციის წარმატებისთვის ევროპას “მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა” სჭირდება.
სტარმერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში, თუმცა თქვა, რომ “რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, გახდეს იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ”.
გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 6 მარტს დაადასტურა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა “ევროპელი და [ერთა] თანამეგობრობის პარტნიორები” არიან.