ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყობა, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად იყოს გამწვანებული.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტისთვის, დაახლოებით, 600 000 ლარი დაიხარჯება.
„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. დიდი საპარკო არეალები საქალაქთაშორისო მნიშვნელობის პარკები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ამ კუთხით, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შევიდეთ უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად გავამწვანოთ. ამასთან, განვახორციელოთ უკანონო შემოღობვებისა და უსახური, ყველანაირი პრობლემის მქონე ფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თავად მოსახლეობის გადაწყვეტილებითა და ჩართულობით, შევიმუშავოთ პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება მისაღები. სასიამოვნოა ის, რომ პარკები გადავსებულია ყველა თაობის ადამიანებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა და მოსახლეობას აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.
აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ უსახური ფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟისთვის საჭირო ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი გაიღებს.


















