“ზაჰესის ხიდის” რეაბილიტაციის პროცესში 1.5 მილიონის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

დაკავებულია, შპს „სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება, ავჭალის დასახლებაში არსებული ე.წ. „ზაჰესის ხიდის“ და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 1 526 437 ლარი.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან კავშირს გამორიცხავს
შემდეგი სტატიაბოლო მონაცემებით H1N1 ვირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი