ზაალ უდუმაშვილი : პრაქტიკულად დღეს ჩვენ ვნახეთ, ზვიად კუპრავა დააკავეს იმიტომ, რომ მას ყურებიანი ქუდი არ ეხურა

პრაქტიკულად დღეს ჩვენ ვნახეთ, ზვიად კუპრავა დააკავეს იმიტომ, რომ მას ყურებიანი ქუდი არ ეხურა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავასთვის გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, უმძიმესი პრეცედენტია.

„დღეს მოსამართლემ დაუშვა უმძიმესი და ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პრეცედენტი. იმიტომ, რომ პრაქტიკულად დღეს ჩვენ ვნახეთ ზვიად კუპრავა დააკავეს იმიტომ, რომ მას ყურებიანი ქუდი არ ეხურა. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, ქუჩაში, ავტობუსში, სახლში, რაიმენაირად აუგად რომ მოიხსენიოს მოსამართლე და მერე ამის შესახებ რომ ხმა მიუტანონ სამართალდამცველებს, ყველა ჩვენგანი ციხეში უნდა აღმოჩნდეს. დამისახელეთ ადამიანი, ვისაც ჰქონია შეხება სამართალდამცველ სისტემასთან და არ მოუხსენებია ცოტა აგდებულად დავუშვათ ან სამართალდამცველი ან მოსამართლე. ნახევარი საქართველო ამის გამო ციხეში უნდა იჯდეს. უმძიმესი პრეცედენტი დაუშვა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავას ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაჯაჯანიძის “სხვა რაკურსი” დაიხურა