ზაალ უდუმაშვილი : დიალოგი თავად „ქართულმა ოცნებამ“ გამორიცხა, ხელისუფლება შანტაჟის და ულტიმატუმის ენით გველაპარაკება, რა დიალოგზეა საუბარი

ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, დიალოგი თავად „ქართულმა ოცნებამ“ გამორიცხა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას შანტაჟის და ულტიმატუმის ენით ესაუბრება ოპოზიციას, დიალოგი ვერ შედგება.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია დიალოგისთვის მხოლოდ მაშინ იქნება მზად, თუ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

„ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი დიალოგი პრაქტიკულად გამორიცხეს თავად „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა. დავიწყოთ იქიდან, რომ უბრალოდ ცესკო-ს შენობაში მისულ რამდენიმე ათეულ ადამიანს პირდაპირ წყლის ჭავლი გაუხსნა და დაიწყო მათი დაზიანება, გუშინ ადამიანებს პირდაპირ უზღუდავდნენ გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, როდესაც ადამიანი დგას რუსთაველის გამზირზე, არ გადაადგილდება და მას 2 000-ლარიან ჯარიმებს უგზავნი. გარდა ამისა, როდესაც ხელისუფლება გველაპარაკება შანტაჟის და ულტიმატუმის ენით, რომ თუ ასე არ მოიქცევით, ყველანი დაისჯებით, ზოგს ციხეში გაგიშვებთ და ასეთი მუქარის ენა ისმის, რა დიალოგზეა საუბარი. ქვეყანაში ახლა უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად ხელისუფლებას, რომელმაც მოიპარა ქართველი ხალხის არჩევანი.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რომელ სამართლებრივ მხარეზეა ლაპარაკი, როდესაც არც ერთი ჩვენი სარჩელი არც კი განხილულა. ყველანაირი რესურსი ამოწურა „ქართულმა ოცნებამ“ და ყველანაირი პოლიტიკური კორიდორი ჩახერგა, სადაც შეიძლებოდა სამართლებრივი დავა. არ არსებობს სივრცე, რომ დღეს ქვეყანაში სამართლებრივად იდავო. ერთადერთი სივრცე, რომელიც ხელისუფლებამ დატოვა, ეს არის პროტესტი, ამიტომ გრძელდება პროტესტი.

რაც შეეხება მოლაპარაკებას, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებაზე მხოლოდ ერთი პირობით – ეს განსახილველი საკითხი იქნება ქვეყანაში ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 40 წლამდე ქალის ცხედარი საკუთარ ბინაში დანაწევრებული იპოვეს
შემდეგი სტატიამარტვილში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა