ზაალ უდუმაშვილი – დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი ოპოზიცია

რვა წელია გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს. ზოგადად, ივანიშვილს ოპოზიცია არ მოსწონს. მას უნდა, რომ იყოს ახალი ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიცია ასე ხელოვნურად ვერ შეიქმნება, რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი და რაც არ უნდა რესურსები ხარჯოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს.

„ჩვენ ვნახეთ, ოპოზიცია როგორ შეიქმნა, როდესაც სამი ადამიანი შეიყვანეს პარლამენტში და მათ დაარქვეს ოპოზიციონერები. ზოგადად, ეს არ არის წასვლა, რასაც ივანიშვილი ამბობს. ეს არის გაქცევა და პასუხისმგებლობის გადაბარება სხვა ადამიანებისთვის. ერთი მხრივ, მას არ უნდა, რომ დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ამ ბრძოლიდან და მეორე ის, რომ დიახაც, ეშინია, რადგან ყველაზე კარგად ბიძინა ივანიშვილმა იცის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. yველაზე კარგად მან იცის, რომ საქართველოს მოსახლეობამ ზურგი შეაქცია. ამიტომ, ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას და საკუთარი ფინანსური რესურსების მობილიზება მოახდინოს, რომ არ დაემუქროს რაიმე საფრთხე. ივანიშვილი წავიდა თუ არ წავიდა, სად წავა, ლონდონში იქნება თუ თბილისში, ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რადგან რა მდგომარეობაშიც არის დღეს ქვეყანა, ამაზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, „დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი ოპოზიცია და მან დაანახა საზოგადოებას, როგორ შეუძლია, ერთიანად ებრძოლოს რეჟიმს, რომელიც ანადგურებს ქვეყანას“.

„ოპოზიცია არის საკმაოდ ძლიერი. ვერანაირი მესამე ძალა ვერ შეიქმნება ხელოვნურად, თუ ეს არ მოხდა ბუნებრივად. ჯერჯერობით, ოპოზიცია მწყობრად განაგრძობს ბრძოლას, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ დღეს მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც დიდი საშიშროება აქვს ამ ფორმით განაგრძოს მუშაობა. ივანიშვილს სურს, ჰყავდეს მორჩილი ოპოზიცია, როგორც ჰყავს მორჩილი „ქართული ოცნება“. თავად განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს, რომ გადავიდეს ოპოზიციაში. ამას კარგად გრძნობს, მას აქვს ეს ინსტიქტები განვითარებულ, რომ კარგად იგრძნოს მოახლოებული საფრთხე. ახლა ამას როგორი ლამაზი ფორმით მიაწოდებს საზოგადოებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იცის. ამას ემსახურება ის, რომ ცდილობს დისტანცირება მოახდინოს „ქართული ოცნებისგან“, რომ არ დაერქვას სახელი, დამარცხებული წავიდა. მე რასაც გუშინ ვუსმინე ეს ინტერვიუ მომართული იყო იმისკენ, რომ „ქართული ოცნება“ იყო ადრესატი და არა საზოგადოება. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ყველაზე მეტად ეშინია ერთმანეთს არ დაერიონ და არ დაჭამონ ერთმანეთი, აქამდე თუ თავად არეგულირებდა კონფლიქტურ ვითარებებს, ახლა რეალური შანსი არსებობს დაიწყოს ბრძოლა გავლენებისთვის და ჩამოიშალოს ეს ხელისუფლება. არ ვიცი, რამდენად დისტანცირებული იქნება ამ პროცესებისგან, მაგრამ ფაქტი ერთია, თავად რღვევა გარდაუვალია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე – „კოვაქს პლატფორმიდან“ უკვე გვაქვს დადასტურებული, რომ მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის კორონავირუსის ვაქცინა
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე – ჰანს კლუგემ საქართველოში ყოფნისას კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა ქართულ ნოუჰაუდ შეაფასა