ზაალ უდუმაშვილი – დასახელდეს ვინ გაუწია რეკომენდაცია პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალებას

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვს, თუ ვისი დავალებით მოაწერა მან ხელი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალებას. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის ფარისთვის მუშტის დატყმაზე, გავრილოვის ღამის მონაწილე ვაჟკაც ბიჭებს შვიდწლიანი პატიმრობით ემუქრებიან, ხოლო პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს 3 წლის შემდეგ ათავისუფლებენ.

„გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ანტისახელმწიფოებრივ და აღმაშფოთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პირველმა პირმა, უფრო ზუსტად კი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტად დანიშნულმა მიიღო. საქმე ეხება 21 წლის ახალგაზრდა პოლიციელის თარეშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა. გასაგებია, რომ მას დაავალეს ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია თუ ვინ დაავალა. თუმცა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დასახელდეს კონკრეტული პირები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრლდებულის შეწყალებას. ესაა შეურაცხყოფა არამხოლოდ მუკბანიანის ოჯახის, არამედ პოლიციელების. როგორ უნდა იგრძნოს რიგითმა მოქალაქემ ამ ქვეყანაში თავი დაცულად, როდესაც თვითონ პოლიციელები არ არიან დაცულები“, -განაცხადა უდუმაშვილმა.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ისინი არ მიიღებენ ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. მისივე თქმით, ქართველი ხალხი ამაზე კონკრეტულ პასუხს ითხოვს.

„ზურაბიშვილმა საფრანგეთში ყოფნის დროს განაცხადა, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა განცხადებას ამ თემაზე, ჩვენ მოვითხოვთ რომ ორშაბათსვე განუმარტოს საზოგადოებას თუ ვისი დავალებით მოაწერა ხელი შეწყალების აქტს. ჩვენ არ მივიღებთ ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. ველოდებით კითხვებზე პასუხს და აუცილებლად მივიღებთ მას, რადგან საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება, რომ საქართველოს კრიმინალების მფარველი პრეზიდენტი ჰყავდეს“ , – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მთავრობამ 6 თვეში პრემიებზე 735 მლნ დახარჯა და თურმე 30 მლნ არაა, რომ რთველი დააფინანსონ”
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ბაქოში დაგეგმილ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს