ზაალ უდუმაშვილი : ჩვენი მიზანია პარლამენტის პიკეტირება, რათა შენობაში არ შევიდნენ დეპუტატები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოსთან და მის მიმდებარედ სამართალდამცველების დიდი რაოდენობა მობილიზებულია, რათა პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა საკუთარი პროტესტი ვერ გამოხატონ.

უდუმაშვილის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი მოქალაქეების ეშინია.

„ხედავთ რა ხდება მთაწმინდაზე? როგორი მდგომარეობაა,ომისთვის ემზადებიან თუ საბრძოლო მოქმედებებისთვის, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა რომ ვერ მიაღწიოს და პროტესტი ვერ გამოთქვას პარლამენტის შენობასთან. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი სახე. ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახე, რომელსაც ეშინია საკუთარი მოქალაქეების. დღეს რკინის ჯებირებით დაყო ხალხი „ქართულმა ოცნებამ“, საკუთარი თავი დააყენა ჯებირების იქით და მოსახლეობა აქეთ. ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული გამოხატვის თავისუფლების ზეიმი საქართველოში. როგორი გამოხატვის თავისუფლებაა, ყველა ვხედავთ. ქუჩაში გადაადგილებას გვიზღუდავენ, არათუ პარლამენტთან გამოხატვის უფლებას.ასე რომ, ეს არის ივანიშვილისეული დემოკრატიის ზეიმი. ამას მთელი მსოფლიო ხედავს. ხედავს თბილისის ცენტრი როგორ არის პარალიზებული, რათა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ვერ მიაღწიოს პარლამენტის შენობასთან. ეს დროებითია. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო ნაბიჯი“ ,- განაცხადა უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ მათი მიზანია, პარლამენტის პიკეტირება.
„ჩვენი მიზანი არის პარლამენტის პიკეტირება, რომ შენობაში არ შევიდნენ „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენ ვნახეთ, როგორ წაართვეს ქართველ ამომრჩევლებს არჩევანის უფლება რამდენიმე კვირის წინ და ახლაც ცდილობენ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას. მათ არ აქვთ უფლება, თავს უწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ესენი არიან ივანიშვილის ნოტარიუსები. პიკეტირებაზე უარესია, რაც აქ ხდება. არ ჯობდა, ჩვენ ვმდგარიყავით პარლამენტთან და თუნდაც ხმამაღალი გამოსვლები გვქონოდა. მთელი ცენტრალური უბანი არის სრულიად პარალიზებული. პიკეტირება თავად მოუწყვეს პარლამენტის შენობას სამართალდამცავების ხელით“ ,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად, დიდი შესაძლებლობა
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: ივანიშვილი ცდილობს გახდეს ერთადერთი ერის ბელადიც და პატრიარქიც