ზაალ უდუმაშვილი – ჩემი პირადი პოზიციაა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტია დღეიდან მუშაობას იწყებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის შეთანხმების ხელმოწერის საკითხზე.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ასევე იმსჯელებენ სამომავლო სტრატეგიაზე.

„ჩვენ დღეიდან დავიწყებთ მუშაობას მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაგროვებულია და მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის რა თქმა უნდა, ეს არის შეთანხმების ხელმოწერის საკითხი, პარლამენტში შესვლის საკითხი და რაც მთავარია, ზოგადად, მთლიანად ოპოზიციური სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ გავდივართ მომავალ არჩევნებზე.

ამ ყველაფერს დრო დასჭირდება, ბუნებრივია, ერთ დღეში არ გადაწყდება, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ დღეიდან უკვე დავიწყებთ საუბარს როგორც პარტიის შიგნით, ასევე ნიკა შეხვდება ყველა ოპოზიციონერ ლიდერს, რათა საბოლოო ჯამში, მივიღოთ ისევ საერთო გადაწყვეტილება.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია შეძლებს კვლავ შეთანხმების მიღწევას, რათა საერთო სტრატეგიით გავიდეთ ამ არჩევნებზე. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრს აინტერესებს პარლამენტში შესვლის საკითხი. ესეც რა თქმა უნდა, იქნება განხილვის თემა როგორც პარტიის შიგნით, ასევე პარტიის გარეთაც. პარტიაში არის განსხვავებული აზრები ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმენთ ყველა არგუმენტს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ აზრთასხვადასხვაობის მიუხედავად, საბოლოოდ პარტია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„საბოლოო ჯამში, პარტია მიიღებს საერთო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ახლა შესაძლოა, იყოს განსხვავებული მოსაზრებები და ვიღაც არ ეთანხმებოდეს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ პარტია ის ორგანიზმია, სადაც გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, შემდეგ ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. სხვადასხვა ვარიანტი არის, პარლამენტში შეიძლება შეხვიდე და შეთანხმებას არ მოაწერო ხელი, ჩვენ ამ შეთანხმებაზე ბევრი შენიშვნა გვაქვს და ამ ყველაფერზე იქნება მსჯელობა უახლოესი დღეების განმავლობაში“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება მერობის კანდიდატს, უდუმაშვილი ამბობს, რომ მისი პოზიციაა, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იყოს, თუმცა საკითხზე ჯერ კონსულტაციები უნდა შედგეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღონ.

„ვერ გეტყვით ახლა ვერაფერს, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ თუ დღეს ვინმეზე შეიძლება იყოს საუბარი, რომ იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ნიკა მელია, რადგან არის პოლიტიკოსი, რომელსაც შესწევს ძალა, დაამარცხოს „ქართული ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი, ვინც არ უნდა იყოს, თუმცა ეს საკითხი დღევანდელ დღის წესრიგში არ არის, ვიდრე ჩვენ არ გავივლით კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციათა მეოთხე პაკეტს ამზადებს
შემდეგი სტატიადავითულიანი – პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ ახალი გააჩინონ