ზაალ უდუმაშვილი: ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს

„დღეს ჩვენ უმრავლესობის წევრების მხრიდან ბევრი სამადლობელი სიტყვები მოვისმინეთ მთავრობის მიმართ და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მოვისმენთ. მაგრამ ეს სამადლობელი სიტყვები ვერაფრით ვერ შეცვლის იმ მძიმე რეალობას, რომელშიც ჩვენ დღეს ყველა ვიმყოფებით. მგონი ყველა, აბსოლუტურად, ოპოზიციაც და უმრავლესობაც ვთანხმდებით ერთ მთავარ საკითხზე, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა დღეს არის ის სიღარიბე და სიღატაკე, რომელიც სუფევს ქვეყანაში და ის გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან ჩვენი თანამოქალაქეები.

მთელი ორმოცი წუთის განმავლობაში, როდესაც ვუსმენდი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, მხოლოდ ერთხელ იყო ნათქვამი „გაჭირვებული მოსახლეობა“ და ისიც სტატისტიკის დონეზე. დარწმუნებული ვარ, პარასკევს, ის 550 ათასი ადამიანი, რომელიც ასე გაკვრით ახსენეთ, ტელევიზორთან იმყოფებოდა და ელოდებოდა ნუგეშის სიტყვას, იმ სიტყვას, რომლითაც იფიქრებდა, რომ ხვალ მისი ყოფა, შესაძლებელია, გაუმჯობესებულიყო, მაგრამ ვერაფერი ვერ მოისმინეს.

რა უთხარით თქვენ იმ ხალხს, რომელიც დღეს გადარჩენისთვის იბრძვის? რა უთხარით იმ პენსიონერებს, რომლებიც თქვენ დაყავით მოხუცებად და ნაკლებად მოხუცებად, თითქოს, 69 წლის პენსიონერს უფრო ნაკლები ჭირდება, ვიდრე 71 წლის პენსიონერს და მოდით, სიმართლე ვთქვათ, ის დანამატი თანხა, რითიც პენსია გაიზარდა, პრაქტიკულად, უკვე ინფლაციამ შეჭამა. რა უთხარით თქვენ იმ ათი ათასობით უმუშევარს, რომელიც მზად არის ხვალ წავიდეს საზღვარგარეთ და მონად დადგეს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს? რა უთხარით თქვენ იმ ასი ათასობით ემიგრანტს, რომელიც ყოველ დილით იღვიძებს იმის იმედით, რომ სამშობლოში უნდა დაბრუნდეს? იმ ხალხსაც კი, რომელიც ქვეყანაშია, ეუბნებით, რომ თქვენ წადით და უცხოეთში იმუშავეთო. რა უთხარით თქვენ იმ 70 ათას სტუდენტს, რომელიც სწავლას ვერ აგრძელებს და აქედან 30 ათასი სტუდენტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ფული არ აქვს, რომ საფასური გადაიხადოს. არაფერი არ გითქვამთ და იცით, რატომ? იმიტომ, რომ სათქმელი არ გაქვთ. 150 გვერდიან დოკუმენტში ამ ადამიანებისთვის 1 ფურცელი არ გამოინახა. დღეს უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან ბევრჯერ იყო ნათქვამი ოპოზიციის მიმართ: ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს.

დიახ, ბატონებო, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს. ოღონდ ეს შეიცვლება არა ისე, როგორც თქვენ გსურთ, არამედ ისე, როგორც სურს საქართველოს მოსახლეობას“,- განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა რიგგარეშე სესიაზე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: „ჩემი გამოსვლის სათაური იქნება „სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რომლითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება