ზაალ კასრელიშვილი: “ხურვალეთის ინციდენტის შემდეგ რუსები რაღაცას მოითხოვენ ან უკვე მოითხოვეს”

“რუსეთს სურდა, ამერიკის ნებართვით შემოჭრილიყო საქართველოში”
რა წინადადება შესთავაზა ლავროვმა ვაშინგტონს

რა მოსთხოვა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლებას, რატომ გადაიფიქრეს რუსებმა 2017 წელს საქართველოში შემოჭრა, რა ულტიმატუმის წინაშე იყო 2012 წელს ივანიშვილი? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
_ ქვეყანაში ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა, აჭრილია პოლიტიკური სიტუაცია. ასეთი ვითარება საქართველოში გასული საუკუნეების 90-იანი წლების მერე აღარ ყოფილა. უკან 90-იანებისკენ მივექანებით თუ რამე სხვა ჭირი გვჭირს?
_ 90-იან წლებში დაბრუნებისგან ღმერთმა დაგვიფაროს. კრიმინალი მომატებულია, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზები აქვს. კრიმინალის მატება იმიტომ არის თვალშისაცემი, რომ მონაცემები გასაჯაროებულია. სტატისტიკას თუ დამალავენ და სახელმწიფო ნაციონალების დროინდელ სასტიკ მეთოდებს გამოიყენებს, კრიმინალი ციფრებში შემცირებული იქნება.
მაშინ, როცა სოციალური ფონი უმძიმესია, ნებისმიერი პატარა გადაცდომა და გამღიზიანებელი ფაქტორიც კი უდიდეს რეზონანსს იწვევს. საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც 2012 წელს სააკაშვილსა და მის გუნდს უარი უთხრა, უფრო მეტს ელოდა. რაღაცაში არის უკეთესობა, მაგრამ რაღაცაში წინსვლა არ არის.
როდესაც მოსახლეობის მოთხოვნა ხელისუფლების შესაძლებლობებს ასწრებს, იქ აუცილებლად გაჩნდება ვაკუუმი, რომელსაც სასწრაფო წესით სჭირდება შევსება საქმით. სხვადასხვა პერიოდებში ასეთ ვაკუუმებს იდეოლოგები ავსებდნენ ხოლმე. ჩვენ ვერ ვხედავთ იდეოლოგებს. სამწუხაროა ეს, საბედნიერო თუ რაღაც სახადია, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით.
სამაგიეროდ, თამამად ვიტყვი, რომ ქვეყანაში გამეფებულია საყოველთაო უკმაყოფილება, რომელსაც ამძაფრებს უიმედობისა და უპერსპექტივობის ფონი.
_ უიმედობა თქვენც გეტყობათ საუბარში. სხვა დროს როცა გვისაუბრია, უფრო ოპტიმისტურად იყავით ხოლმე განწყობილი.
_ ქვეყნის მდგომარეობით შეწუხებული ვარ, მაგრამ უიმედო განწყობა არ მაქვს. მე და ჩემი თანამებრძოლები ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.
_ რა გაძლევთ ოპტიმისტურად ყოფნის საფუძველს?
_ ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ ისეთ საქმეებს ვაკეთებთ, რომ შეუძლებელია, ოპტიმისტურად არ იყო განწყობილი.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, ასეთს რას აკეთებთ?
_ სამწუხაროდ, ჯერ ამის თქმა არ შემიძლია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი რამ გავიღეთ და მომავალშიც გავიღებთ.
_ `ოცნებაში~ ძველ სახეებს აბრუნებენ და თქვენც ხომ არ აპირებთ დაბრუნებას? ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ და მერე ვიღაცებმა გვერდზე გაგწიეს.
_ მე გვერდზე ვიღაცები ვერ გამწევენ. გვერდზე გაწევა ჩემი გადაწყვეტილება იყო.
_ რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
_ იმიტომ, რომ მაშინ ასე ჩავთვალე საჭიროდ. ამ დროს პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და `ოცნებისთვის~ ცოტა არ მაქვს გაკეთებული.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო რაღაც მოძრაობები ჩემ წინააღმდეგ.
უკვე ყველას აშკარად ეტყობოდა, ვინ რომელი ქვეყნის აგენტი იყო ან ვის კორპორატიულ ინტერესს წარმოადგენდა. 2012 წლის არჩევნების მერე ისე უცბად გადაინაწილეს ყველაფერი, თვალის დახამხამება ვერავინ მოასწრო. ასე სწრაფად ვერ მოხდებოდა გადანაწილება, ეს წინასწარ დაგეგმილი რომ არ ყოფილიყო.
მე მინიმუმ ორ დაჯგუფებასთან მომიწია დაპირისპირებამ. მათ სახელებსა და გვარებს არ ვასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ისინი ლაჩრები, უღირსები, ქალაჩუნები და დამბეზღებლები არიან, თან იცით, როგორი დამბეზღებლები, პირში რომ გიცინიან და ზურგს უკან დანოსებს წერენ.
_ თქვენზე რა დანოსი დაწერეს? ამდენი წელია, გიცნობთ და თქვენზე საგანგაშო ჭორი არ გამიგონია.
_ ვერც ვერაფერს დამიწერდნენ, მაგრამ დაბეზღება მაინც მიდიოდა. ისეთ რამეებს კადრულობდნენ ეს კაცები, უღირსი ქალიც რომ არ იკადრებს. პოლიტიკაში გამოცდილი ვარ და მივხვდი, რომ ეს სახადი იყო და ეს ტალღა უნდა გადამეტარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლი უნდა დაღვრილიყო _ არც მე და არც ჩემი თანამებრძოლები უცხო ქვეყნის აგენტებს თავხედობას არ მოვუთმენდით. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დროებით გვერდზე გავწეულიყავი.
ეს, პირველ რიგში, ქვეყნის საკეთილდღეოდ გავაკეთეთ. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ის ჭორიკანა აგენტები საშინელებას დაგვაბრალებდნენ.
_ მაინც რას დაგაბრალებდნენ?
_ ქვეყანას ბედნიერი მომავალი ელოდა, მაგრამ ამათ ჩაშალესო და საქართველოს მტრებად გამოგვაცხადებდნენ.
_ რადგან თქვენ გაიწიეთ გვერდზე, გამოდის, რომ ივანიშვილმა იმათი მხარე დაიჭირა.
_ ამ თემაზე არასდროს მილაპარაკია და ახლა ვიტყვი _ მაშინ ივანიშვილიც არჩევანის წინაშე დადგა. ამ კაცის კარგად მესმის, მას ულტიმატუმი წაუყენეს.
_ რა ულტიმატუმი წაუყენეს?
_ ან არეულობა, ან სხვადასხვა ეტაპზე ხელისუფლების სადავეებიდან არასასურველი ადამიანების ჩამოშორება. არ ვიცი, ახლა ის კონტროლის რა ბერკეტებს ფლობს, მაგრამ მაშინ დიდი გავლენა არ ჰქონდა _ საარჩევნო ბლოკში `ქართული ოცნება~ 6 პარტია იყო, თითოეულ მათგანს კიდევ 4-5 ინტერესჯგუფი ეხვია და ახლა წარმოიდგინეთ, რაც მოხდებოდა.
რაც შეეხება `ოცნებაში~ ჩემს დაბრუნებას, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არავის დაუძახებია. ჩემი ნებითა და ინიციატივით არსად მივალ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილი არჩევანის წინაშე იყო, ან არეულობა უნდა ყოფილიყო, ანდა ეტაპობრივად ჩამოეცილებინა ეს ხალხი ხელისუფლების სადავეებიდანო. ჩამოაცილა თუ ვერა?
_ ძირითადი ნაწილი ჩამოაცილა. ჯიბრის ენით თუ არ ვილაპარაკებთ და მოვლენებს ცივი გონებით შევხედავთ, 2012 წელს `ოცნების~ ლიდერი სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. მაშინ მას ასეთი მისია ჰქონდა _ პოლიტიკური ველი მოძალადე ნაციონალებისგან უნდა გაეთავისუფლებინა. ამის გარდა, მას პოლიტიკური სარბიელიდან უნდა ჩამოეშორებინა ე.წ. მარადმწვანე ოპოზიციონერები, რომლებსაც ცხოვრებაში ფასეული არაფერი გაუკეთებიათ. ამის მიუხედავად, ყველა მთავრობას ეჩხუბებოდნენ და ევაჭრებოდნენ.
როგორც ჩანს, გუნდის შიგნითაც დააპაუზეს სიტუაცია, ეგონათ, რომ ლუსტრაცია თავისით მოხდებოდა და ამის ლოდინში ცოტა დააგვიანეს. ახლა კი ძალიან უჭირთ პოლიტიკური ველი გასუფთავება. ეს პარაზიტები ქართულ პოლიტიკას ისე შეესისხლხორცნენ, რომ ასე მარტივად არ წავლენ.
_ რას ნიშნავს, მარტივად არ წავლენ?
_ წურბელა რომ წურბელაა, იმასაც ვერ მოიგლეჯ ისე, რომ სისხლი არ გამოგივიდეს. ნურავის ჰგონია, რომ ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ძალიან მარტივად დაალაგებენ ყველაფერს, მათ შორის, ეკონომიკასაც.
_ დალაგება იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც საქმის ამდენი ხნით გაწელვაა ნორმალური.
_ გეთანხმებით, საქმის გაკეთება ძალიან გაჭიანურდა. ეს პროცესი ხელოვნურად არის გაწელილი. ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას ამხელა პერიოდი არ სჭირდებოდა. პარაზიტების ჩამოშორებაც უფრო მოკლე დროში შეიძლებოდა. ერთი რამე იცოდეთ _ პარაზიტების ჩამოშორება უფრო ძნელია, ვიდრე ეკონომიკის გაჯანსაღება.
ეს პარაზიტები ქვეყანას შიგნიდან არ აძლევენ განვითარების შესაძლებლობას. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს _ გარედან აქვთ ასეთი დავალება.
დავალება რუსეთიდან არის მოსული და, ამ დავალების თანახმად, პოსტსაბჭოთა სივრცეში არც ერთი რესპუბლიკა რუსეთზე მეტად არ უნდა გამდიდრდეს, რათა გამუდმებით ჰქონდეთ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია.
_ რუსეთზე მეტად რანაირად უნდა გავმდიდრდეთ? ჩვენზე ბევრად დიდი ქვეყანაა და უზარმაზარი რესურსები აქვთ.
_ აქ რაოდენობაზე არ არის საუბარი. საბჭოთა კავშირის პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნები, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის რაოდენობით, ბევრად უფრო წინ იყვნენ, ვიდრე მთელი რუსეთი.
რუსეთის გარდა, კიდევ არიან ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს გამდიდრება ანუ გაძლიერება არ აწყობთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგენი არიან. ქვეყანა თუ არ არის თვითკმარი, ის ვერც დამოუკიდებელი იქნება და გამუდმებით მოუწევს თავისი სტრატეგიული ინტერესების დათმობა.
_ საქართველომ კიდევ რა სტრატეგიული ინტერესი უნდა დათმოს, ყველაფერი თითქმის უკვე დავთმეთ. არადა, როგორც ამბობენ, ის, რაც ამ დღეებში ხურვალეთში მოხდა, მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ რაღაც დაგვათმობინონ.
_ რაც ხურვალეთში მოხდა, არის პროვოკაცია და შოიგუ-კარასინის მუქარების პირდაპირი გაგრძელება. ხურვალეთში რაღაც მოხდა და ეს შემთხვევითობა არ არის. რუსები რაღაცას მოითხოვენ ან უკვე მოითხოვეს.
_ რა ჯანდაბა უნდა მოითხოვონ კიდევ, აფხაზეთის რკინიგზის გახსნა?
_ აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე მთელ ქვეყანას გვაქვს გართულება. ის მომგებიანი არ იქნება და დოტაციაზე მოუწევთ მისი დასმა. თუ ისეთი ტვირთები იქნება რუსეთიდან ირანისკენ ან ირანიდან რუსეთისკენ, რაც აკრძალულია, მაგის გამო მკაცრად დაგვსჯის დასავლეთი. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, რომელსაც შეიძლება, დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება მოჰყვეს, მაგარი სისულელეა.
_ ფიქრობთ, რომ რკინიგზაზე არ იქნება ვაჭრობა?
_ სავარაუდოდ, არა.
_ აბა, რას მოითხოვენ, დასავლეთს გაებუტეთო?
_ ახლა ისე უჭირთ რუსებს, რომ ამ თემაზე ვერ იყაყანებენ. სამაგიეროდ, მოგვთხოვენ, რომ ნატოში გაწევრიანებაზე ვთქვათ უარი.
მკითხაობა არ მინდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვი კიდევ ერთ რამეს მოითხოვს. კრემლი საქართველოს ხელისუფლებას წაუყენებს ულტიმატუმს, რომ პრორუსული პარტიები გააძლიერონ. მოსკოვი თბილისს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს დაუსახელებს, ვისაც საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს.
_ თუ ასე მოხდა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება 90-იანებისკენ. მაშინ მოსკოვი გვინიშნავდა ძალოვან მინისტრებს.
_ არა მარტო ძალოვან მინისტრებს. მინისტრის მოადგილეებად ნიშნავდა მოსკოვი ყოფილ კაგებეშნიკებს, რომელთა შვილები მოსკოვებსა და როსტოვებში სწავლობდნენ.
_ ესეც შევარდნაძის დროს ხდებოდა?
_ შევარდნაძის დროს იყო ასეთი პრაქტიკა. ამ მხრივ რუსეთი წინა ხელისუფლების დროსაც აქტიურობდა. ნაციონალებთან თავად კრემლმა არ მოისურვა კონტაქტის დამყარება, თორემ ესენი სერიოზულად ჩალიჩობდნენ დაახლოებას, შუამავლებიც კი გაუგზავნეს და შეტენას ცდილობდნენ, მაგრამ რუსეთმა არ შეიტენა.
_ რატომ არ შეიტენა?
_ კრემლში დარწმუნებული იყვნენ, რომ ობამას ბოლომდე ათრევდნენ ძონძივით. მისი წასვლის შემდეგ მათთვის სასურველი კაცი მოვიდოდა აშშ-ის სათავეში და საქართველოში ამერიკელების ნებართვით შემოვიდოდნენ. ამაში დარწმუნებული იყვნენ და ერთი პერიოდი მოითხოვეს კიდეც ამაზე ნებართვა. ეს 2017 წლის აგვისტოში მოხდა. მაშინ საქართველოს მოულოდნელად ეწვია აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი და ამით ვაშინგტონმა მოსკოვს ღიად მიანიშნა, რომ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს.
ამ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ლავროვმა აშშ-ს პირდაპირ მიანიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად საქართველოში უნდა შემოსულიყვნენ.
_ მაშინ ჩვენ მხარდასაჭერად აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა. ახლა კი ელჩიც არ გვყავს. რამდენიმე თვეა, საეჭვოდ ჭიანურდება საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნა. ეს მოსკოვს ხელ-ფეხს ხომ არ გაუხსნის?
_ რუსეთს პროვოკაციის მოწყობა თუ უნდა, მას ელჩი ვერ შეაჩერებს. ცუდია, რომ ელჩი არ ჰყავს საქართველოში აშშ-ს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. ამერიკა და ევროპა ყელს არ გამოიჭრის და საქართველოს არ დათმობს.
რაღა დაგიმალოთ და არც აღმოსავლეთს აწყობს, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ირანი და თურქეთი კრემლის გამო დასავლეთს დაუპირისპირდებიან, ძალიან შემცდარა. თეირანსაც და ანკარასაც საქართველო ისევე სჭირდებათ, როგორც დასავლეთს.
კრემლის აგრესიული ქმედებები რუსეთს უფრო აზარალებს. მათმა აგრესიულობამ ნატო გამოაცოცხლა და ათგზის გააძლიერა.
_ კარგია, რომ ნატო გამოცოცხლდა, მაგრამ ჩვენ როდის გაგვიღებენ კარს?
_ ეგ უნდა ვკითხოთ ხელისუფლებას. შიდა ინტრიგების პარალელურად, ისინი საგარეო მიმართულებითაც უნდა აქტიურობდნენ.

 

შორენა მარსაგიშვილი
“ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი – დღესვე მზად ვარ, დეპუტატის მანდატზე უარი ვთქვა, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – დანაშაულის ზრდის 80 პროცენტი საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულებზე მოდის, ძირითადად ეს არის ქურდობა