WSJ: ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციები განცხადებებზე ეფექტური იქნებოდა

The Wall Street Journal-მა საქართველოსთან დაკავშირებით სარედაქციო საბჭოს მიერ მომზადებული სტატია – სათაურით “საქართველო უფსკრულის პირას” გამოაქვეყნა. სტატიაში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ არის საუბარი.

“ათასობით ქართველი გასული თვეების განმავლობაში მზარდ ავტორიტარიზს ქუჩებში აპროტესტებდა. აშშ-ს ყოველთვის არ შეუძლია ასეთი რეგრესის შეჩერება, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია თბილისს უფრო დემოკრატიული გზისკენ უბიძგოს.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველო ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქისა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართებოდა. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ივანიშვილმა მის მოკავშირეებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტები მოარყია და ძალადობრივად დაშალა საპროტესტო აქციები,” – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორთა თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არსებულ ვითარებაში ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ განცხადებებია.

“ივანიშვილმა თითქმის $5 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა ქაოტურ 1990-იანებში, ფასიან ქაღალდებს და უძრავ ქონებას კი დასავლეთში ინახავს. მისი სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი სანქციები, ისევე, როგორც გადაადგილების შეზღუდვა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის საჯარო განცხადებებზე უფრო ეფექტურად მოაკრებინებდა მათ გონებას.

აშშ-ს არ შეუძლია, საქართველოში მოვლენები წარმართოს, მაგრამ შეუძლია, მმართველ პარტიას უბიძგოს, მოიქცეს ისე, როგორც მის მიერ გაცემულ დემოკრატიულ სიტყვას შეესატყვისება და მისცეს ახალი სიცოცხლე ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებსაც მოსკოვს ვაშინგტონი და ბრიუსელი ურჩევნიათ”, – წერია სტატიაში.

სტატიაში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება საჯარო განცხადებებში მართალია ხაზს უსვამს მოსახლეობის სურვილს, დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების თაობაზე, თუმცა ამავე დროს ქვეყანას მოსკოვის გავლენის ქვეშ აბრუნებს.

“აცნობიერებს რა ქვეყნის მოსახლეობის პროდასავლურ განწყობას, მმართველი პარტია სწორ რაღაცებს ამბობს ვაშინგტონთან კავშირებსა და საქართველოს მისწრაფებებზე, შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატო–ს, თუმცა ამავე დროს უწყვეტად აბრუნებს საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ, რომელიც 2008 წელს შეიჭრა ქვეყანაში და გაყინულ კონფლიქტში სამხედრო და სადაზვერვო წარმომადგენლობას ინარჩუნებს”, – ნათქვამია სტატიაში.

banner
წინა სტატიაშიმე არ ვიცი ადამიანმა რა ენით უნდა ისაუბროს ამ დანაშაულზე – მალხაზ მაჩალიკაშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე
შემდეგი სტატიაპრაქტიკულად შემოთავაზებით, ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძვით, რეალურად გვეთქვა უარი – ბურჯანაძე