Wizz Air- ის წარმომადგენელი: ჩვენ საქართველოს ერთგულები ვართ

ჩვენ საქართველოს ერთგულები ვართ, გავაკეთეთ ყველაფერი, რათა აღგვედგინა ფრენები. სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ ორი თვითმფრინავის განთავსებას ქუთაისში და მეტი ფრენების დამატებას, – ამის შესახებ Wizz Air- ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ანდრაშ რადომ აღნიშნა, კომპანიის თვითმფრინავი განთავსდება ქუთაისის ბაზაზე და დაემატება ფრენები შვიდი მიმართულებით.

„გვიხარია, რომ საქართველოდან ფრენებს აღვადგენთ. მიუხედავდ იმისა, რომ წლის დასაწყისიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენები მაინც ხორციელდებოდა, ახლა ჩვენ თვითმფრინავი განთავსდება ქუთაისის ბაზაზე. ახლა არის ექვსი ფრენა, თვითმფრინავის ქუთაისის ბაზაზე განთავსების შემდეგ დაემატება შვიდი მიმართულება და სულ იქნება 13. ეს უკვე გადაწყვეტილია და მგზავრებს შეუძლიათ, დაჯავშნონ ბილეთები. შემდეგი კვირიდან ქუთაისიდან კვირის განმავლობაში 24 რეისი შესრულდება. იმედი გვაქვს, როდესაც მოთხოვნა გაიზრდება და სხვა ქვეყნებში შემსუბუქდება შეზღუდვები და შესაძლოა, საქართველოშიც, ჩვენ მეტ ფრენას დავამატებთ და ფრენების სიხშირეს გავზრდით“, – განაცხადა ანდრაშ რადომ.

მისივე თქმით, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მგზავრებს ეკეთოთ პირბადე და არ უნდა მოიხსნან მთელი ფრენის განმავლობაში.

„მხოლოდ დამცავი ფარით მგზავრები რეისზე არ დაიშვებიან. საკვებისა და სასმელის მიღების დროს, ცხადია, შეგიძლიათ, მოიხსნათ პირბადე. თუმცა, ფრენის დროს სულ უნდა გქონდეთ თან. ეკიპაჟის წევრებს ეკეთებათ პირბადეც და ხელთათმანიც. ჩვენ ვახდენთ თვითმფრინავის სისტემურ დეზინფექციას და ჩვენ სავენტილაციო სისტემაში ჰაერი მუდმივად იცვლება, საათში ოცჯერ. ჰაერი თვითმფრინავში ძალიან სუფთაა. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნების წესებს, ისინი განსხვავებულია. ზოგიერთ ქვეყენაში არ არის აუცილებელი პირბადის ტარება ღია სივრცეში, მაგრამ შიდა სივრცეში აუცილებელია. ვურჩევდი მგზავრებს, გამომგზავრებამდე გაეცნონ კონკრეტული ქვეყნების წესებს, რათა მზად იყვენენ. ვფიქრობ, ქვეყნების უმეტესობა შეზღუდვებს ამსუბუქებს, არ მგონია, რომ საქართველოსთან შედარებით დიდად განსხვავებული წესები იყოს სხვა ქვეყნების უმრავლესობაში. მგზავრებს ვაძლევთ უფლებას, ყველა თავისუფალ სკამზე დასხდნენ. ფრენა ძალიან უსაფრთხოა და ჩემ მიერ ნახსენები სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს, რომ ჰაერში ნაწილაკები არ ვრცელდება, რადგან ჰაერი უბერავს ზემოდან ქვემოთ და ეს ნაწილაკები დაბლა ჩადის,სავენტილაციო სისტემა იწოვს. ფილტერების საშუალებით ნაწილაკების 99.97 ნაწილაკებს წმენდს. ჰაერი, რომელიც თვითმფრინავში არის, ძალიან სუფთაა“, – განაცხადა „ვიზეარის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მგზავრობისას პირბადე უნდა ეკეთოთ ორი წლის ასაკის ზემოთ ბავშვებსაც.

„ჩვენ საქართველოს ერთგულები ვართ. გავაკეთეთ ყველაფერი, რათა აღგვედგინა ფრენები, რაც შეიძლება სწრაფად. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაწესებულმა შეზღუდვებმა შეგვიშალა ხელი, რომ ფრენები ადრე განგვეახლებინა, თუმცა რამდენიმე ფრენა განვაახლეთ გაზაფხულზე. პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ განვაახლეთ ფრენები მეტი მიმართულებით და ვაბრუნებთ თვითმფრინავს ქუთაისის ბაზაზე. სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ ორი თვითმფრინავის განთავსებას ქუთაისში და მეტი ფრენების დამატებას. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოს მიერ ნაჩვენები შედეგებით. იმედი მაქვს, ქართველი მგზავრებიც კმაყოფილები არიან“, – განაცხადა ანდრაშ რადომ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში პირველი ივლისიდან ბრუნდება და პირდაპირ რეისებს ექვსი მიმართულებით შეასრულებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“ჟვანიას მიმართ ყველას სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ვინც იცის, რას ნიშნავს ბულინგი”
შემდეგი სტატიამინაშვილი: ცხადია, რომ თამარ ჟვანიას თანამდებობა დაატოვებინეს