Wildberries-მა დრონების თავდასხმების შემდეგ საწყობის თანამშრომლებს სმარტფონების ტარება აუკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი Ostorozhno, Novosti კომპანიის შიდა შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო განგაშის დროს ფოტოების ან ვიდეოების გადაღება „საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, შესაძლოა გამოააშკარავოს საჰაერო თავდაცვის ძალების პოზიციები, არღვევს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაძლოა გამოიწვიოს ადმინისტრაციული ან, ცალკეულ შემთხვევებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“. ახალი წესების თანახმად, თანამშრომლებს უფლება აქვთ ატარონ მხოლოდ უბრალო, კამერის არმქონე მობილური ტელეფონები, რაც, კომპანიის განცხადებით, მათ საშუალებას მისცემს „ახლობლებთან კავშირზე დარჩნენ“.
ეს ნაბიჯი უკრაინული დრონების მიერ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე განხორციელებული სერიული დარტყმების შემდეგ გადაიდგა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ამ შეტევებმა რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვი შეაფერხა.
ArmyTV-ის ეთერში გამოსვლისას, უკრაინის 429-ე ცალკეული უპილოტო სისტემების ბრიგადის მეთაურმა, იური ფედორენკომ განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად განადგურდა რუსული უპილოტო ოპერაციებისთვის განკუთვნილი კომპონენტების დიდი მარაგები, რამაც სამხედრო დანაყოფები აიძულა აღჭურვილობის გამოყენება შეეზღუდათ.
“მტერი და მისი სპეციალიზებული დანაყოფები იძულებულნი გახდნენ შეზღუდვები დაეწესებინათ უპილოტო დრონების გამოყენებაზე. კამერები, პროპელერები, კონტროლერები, ელემენტები და დრონების წარმოებისა და მოდერნიზაციისთვის საჭირო სხვა კომპონენტები დიდი რაოდენობით დაიწვა იმ საწყობებში, რომლებსაც დავარტყით“ – განაცხადა ფედორენკომ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინულმა დრონების დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა Wildberries-ის 16 უდიდესი ლოგისტიკური ჰაბი, რაც კომპანიის ყველაზე დიდი საწყობების კომპლექსების თითქმის ორ მესამედს შეადგენს. Russian Forbes-ის შეფასებით, ამ შეფერხებებმა პლატფორმით მოსარგებლე გამყიდველებს უკვე მიაყენა დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის ზარალი, ხოლო დაზარალებულთა რიცხვში შესაძლოა ასობით ათასი ბიზნესი აღმოჩნდეს.
















