გერმანელმა სამართალდამცველებმა ლაიფციგის აეროპორტში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის ორი სავარაუდო მონაწილის ვინაობა დაადგინეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი წერს.
გამოძიების ცნობით, თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რუსეთის მოქალაქე ოლეგ ლ.-ს, გერმანული სპეცსამსახურები რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) გარემოცვასთან აკავშირებენ. გამოძიების ვერსიით, ის უშუალოდ ოპერაციის მომზადებასა და ლოგისტიკას ხელმძღვანელობდა. მეორე ეჭვმიტანილი ბელარუსის მოქალაქე ანდრეი კ.-ია.
როგორც გამოცემა წერს, გამოძიების მიხედვით, თავდასხმისთვის 1,8 კგ ფეთქებადი ნივთიერება Semtex-ის გამოყენება იგეგმებოდა. ორი დრონი გაშვებისას ჩამოვარდა, მესამემ კი უკრაინულ სატრანსპორტო თვითმფრინავს “ან-124-ს მიაღწია, თუმცა დაზიანებული დეტონატორის გამო არ აფეთქდა. თვითმფრინავში დაახლოებით 25 ათასი ლიტრი საწვავი იყო ჩასხმული, რის გამოც აფეთქებას შესაძლოა მასშტაბური ნგრევა მოჰყოლოდა. გამოცემა იუწყება, რომ დრონის მართვის ელემენტებზე იპოვეს დნმ-ის კვალი, რომელიც მანამდე ფინეთსა და ლიეტუვაშიც აღმოაჩინეს და მას ანდრეი კ-ს უკავშირებენ.








